დღის პოსტი
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
გიორგი ცუცქირიძე ◯ May 31,2019

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.2 პროცენტით გაიზარდა.

 

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

 

ეკონომიკური ზრდის კომპონენტებიდან ასევე აღსანიშნავია, საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება. 2019 წლის აპრილში საქონლის ექსპორტის მნიშვნელოვნად მაღალი 34.2 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 307.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იმპორტი შემცირდა 0.6 პროცენტით და 730.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც ნიშნავს წმინდა ექსპორტის ანუ იმპორტის ზრდის ექსპორტით გადაფრვის მეტად დადებით ტენდენციას.

 

მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანდ გაიზარდა შემოსავლები ტურიზმიდან 16.1 პროცენტით და 277.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აპრილში 11.3 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 118.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

 


აღსანიშნავია, რომ შემცირდა ჯინის კოეფიციენტი, როგორც შემოსავლების ასევე სამომხმარებლო ხარჯების მიხედვითაც და რაც შემოსავლების და ხარჯების გადანაწილების პროპორციას ასახავს; შემოსავლების მიხედვით წინა წელთან შედარებით, 0.41-დან 0.39-მდე შემცირდა, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 0.40-დან 0.37-მდე შემცირდა, რაც ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

 

აპრილის თვის მონაცემები ადასტურებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების წარმატებულ და შეუქცევად ხასიათს, პირველ რიგში საგარეო მოწყვლადობის შემცირების კუთხით, იქნება ეს ლარიზაციის სტრატეგია, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა თუ დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე გადასვლა; ამის დასტური გახლდათ მაისში სავალუტო ფონდის ვიზიტი საქართველოში. რომლის დროსაც აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ და თანამიმდევრულ პოლიტიკას მაღალი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევის მიზნით. ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “S&P”-მ გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო მოწყვლადობის შემცირებამ.

 

მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია და საგარეო მოწყვლადობის შემცირება ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არის არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები, რაზეც ოპოზიცია და ცალკეული ექსპერტები მიუთითებენ, არამედ საგარეო ფაქტორები, გლობალურ ბაზრებზე აშშ დოლარის გაძვირებიდან და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში(თურქეთი, რუსეთი), ეკონომიკების შენელებიდან გამომდინარე, რასაც ემატება წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი -ნეგეტიური მოლოდინების სახით;

 

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ლარის კურსზე ზემოქმედების უარყოფითი ფაქტორების ზეგავლენა პრაქტიკულად ამოწურულია და თუ ტურისტულ სეზონსაც მივიღებთ მხედველობაში, ლარის გამყარება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი.

ტეგები: ეკონომიკა