დღის პოსტი
"პოზიტიურ ინფორმაციას ადამიანები ქილიკით იღებენ, ნეგატივს კი მეტი მიზიდულობა აქვს"
ამირან სალუქვაძე ◯ January 21,2019

არ ყოფილა მარტივი ორი დღით სოციალური ქსელის, ინტერნეტის და მთლიანად საინფორმაციო სივრცისგან გათიშვა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იგებ რა ხდება ქვეყანაზე. არამედ წყდები გარკვეულ, ერთი მხრივ ვირტუალურ სამყაროს, მეორე მხრივ ადამიანებს, რომელთა უმეტესობა თვალით არ გინახავს, მაგრამ შენთვის ფასეულია.

 

ადრე რამდენჯერმე დავწერე, რომ საზოგადოება საინფორმაციო ტერორის ქვეშაა. ეს არ ეხება მხოლოდ მედიას, არამედ, სოციალურ ქსელსაც. ადამიანები ძალიან დაძაბულები არიან. ამ რამდენიმე წლის მანძილზე, რაც საჯარო სივრცეში ვარ, რამდენჯერმე გამოვიყენე ფრაზები: „საზოგადოება გახლეჩილია“, „ზიზღის ენა“, „ერთმანეთის მიუღებლობა“. საარჩევნო პერიოდში ერთმანეთის მიუღებლობა განსკუთრებით მძიმედ გამოვლინდა. ვფიქრობ, ეს არაა პიკი და 2020-სთვის უფრო სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს.

 

სიმართლე გითხრათ, ძალიან მოქმედებს ეს გადაჭარბებული, ხშირად, ხელოვნურად შექმნილი, ნეგატივი. ამ აგრესიულ გარემოში წლები გარბიან. თუ კარგად დააკვირდებით სოციალურ ქსელს, პოზიტიურ ინფორმაციას ადამიანები ქილიკით იღებენ, ნეგატივს კი მეტი მიზიდულობა აქვს. მოკლედ, ჯერ უნდა "შესვა" ხალხი ამ ნეგატივზე, გააჩინო მისი მოთხოვნა, შემდეგ კი უკანვე მიჰყიდო.

 

მაგალითისთვის ერთ სიახლეს მოვიყვან, რომელიც ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, - საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ 3,4 მილიარდი ევროს (3,8 მლრდ აშშ დოლ., 9,1 მლრდ.ლარი) გამოყოფა. ასეთი მასშტაბური ფინანსური შემოდინება მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ, რამაც, ფაქტობრივად, მსოფლიო ფინანსური კრიზისი, შედარებით მსუბუქად გადაგვატანინა. დღეს ეს „ნიუსი“ ისე რიგითად გაჟღერდა, როგორც შუქდება ლილოს დასახლებაში 1 კმ შიდა გზის ასფალტის საფარის დაგება. რომ არა პრემიერის პრესკონფერენცია, შესაძლოა ვერ კი გაგვეგო. არადა, როგორც ითქვა, ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსი უნდა მოხმარდეს ანაკლიის პორტს, მაგისტრალებს, სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რაც, ერთი მხრივ, ფინანსური სისტემის სიმტკიცისთვის იქნება კარგი, მეორე მხრივ შექმნის სამუშაო ადილებს, განავითარებს საქართველოს ტრანზიტულ შესაძლებლობებს.

 

ესაა, რასაც ჩემი ტვინით ვწვდები. მაგრამ გაცილებით სასარგებლო იქნება ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის საეთერო და სხვა რესურსის (ინტერნეტ/ბეჭდვითი მედია) გამოყოფა საკითხის ღრმად გასაშუქებლად: რას მოუტანს ამ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკას, როგორ იმოქმედებს ლარის კურსსა და ფინანსურ სისტემაზე, შეიქმნება თუ არა სამუშაო ადგილები და თუ შეიქმნება, რამდენი და ა.შ. იქნებ სულაც საფრთხის შემცველია?!

 

ერთი ცხადია, რომ ამხელა ფინანსური რესურსი გამოყოფა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო-ევროკავშირის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მეტყველებს.

 

გამიგრძელდა ამ 3,4 მლრდ ევროს გამოყოფაზე საუბარი, ბლოგი სხვა თემაზეა. ამ დღეებში სხვა პოზიტიური სიახლეებიც იყო. მაგალითად ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ საკითხის გაშლაც შეიძლება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მანამდე გერმანიასთან ხელი მოეწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობას და შესაბამისი ქვოტაც გამოიყო. ორთავე ერთად ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების გადინების შემცირებას, მეორე მხრივ, მათთვის, ვინც გერმანიაში იმყოფება, ლეგალურად საქმიანობის შესაძლებლობებს ქმნის.

 

სამაგიეროდ, გავხსენი თუ არა ფეისბუქი, პირველი, რაც თვალში მომხვდა, ეს იყო ქარწაღებულების თუ ქარგამოქანებულების თემა. სულაც არ მომეწონა დედაქალაქის მერის ეს შენიღბული მინიშნება გარკვეულ პროცედურებზე. ალბათ არც მას მოეწონა, განსაკუთრებით ხალხის რეაქციის შემდეგ, მაგრამ ათასმაგად არ მომეწონა, როცა ადამიანების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის და პირდაპირ ხდება მკვლელობაში დადანაშაულება, თითქოს იმ ორ თანამშრომელს, გაზოანალიზატორებთან ერთად, ინსტრუქცია გაატანეს, ზერელედ შეემოწმებინათ კორპუსი. მათი დანაშაულიც კი სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ისიც წავიკითხე, თითქოს საქართველოს მთავრობას ამ აფეთქებით სხვა თემების გადაფარვა სურდა.

 

ამ აფეთქების თემაზე მეც დავწერე მწარედ, მ.შ. ყაზტრანსგაზის შესახებ, მაგრამ მწარედ დაწერას ზღვარი აქვს. ყაზტრანსგაზის მფლობელები აქამდე არავის აწუხებდა და, ამ აფეთქების და გაუბედურებული ოჯახების ტრაგედიის ფონზე, მსგავსი ბრალდებები, მიმაჩნია თემით სპეკულირებად ვიწროპოლიტიკური ინტერესებისათვის.

 

განა ვინმეს მსხვილი კომპანიების მესაკუთრეების, წილების წარმომავლობის საკითხის გარკვევას ვუშლი. ან რა უფლება მაქვს?! პირიქით, ეს თემა ყველას გვაინტერესებს. უბრალოდ, უნდა გავყოთ და ცალ-ცალკე განვიხილოთ აფეთქების მიზეზები და მსხვილი ენერგო თუ სხვა კომპანიების წარმომავლობა/საქმიანობა, ოღონდ არა მიკერძოებულად, ალაგ-ალაგ, არამედ ობიექტურად.

 

რატომ ვამახვილებ ყურადღებას გაზის, ელექტრო თუ სხვა მოწყობილობების ექსპლოატაციის უსაფრთხოების შესახებ ინფორმირების მნიშვნელობაზე? დიღმის ტრაგედიის შემდეგ კიდევ ოთხი მძიმე შემთხვევა მოხდა გაზის გაჟონვის გამო: თბილისში, გორში, რუსთავში. ხალხს ეს თემა აინტერესებს, რადგან უშუალოდ მათ პირად უსაფრთხოებას ეხება.

 

ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც ტრაგედიის დღეს დავდე, 5 ათასამდე ადამიანმა გააზიარა. მოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ, რომ მათი საცხოვრებელი ბინების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, პირველ რიგში, თვითონ არიან პასუხისმგებლები. საჭიროა ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ინფორმირებას მეტი ყურადღება დაუთმონ. ასევე საფიქრალია როგორ უნდა მოხდეს დახურული ბინების უსაფრთხოების შემოწმება, რადგან ცნება „საერთო საცხოვრებელი“ ითვალისწინებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ.

 

მოკლედ, რომ დავუბრუნდე სოციალურ ქსელში ადამიანების ურთიერთობების თემას. ამ ორდღიანი პაუზით მთავარი რაც მივიღე ისაა, რომ სრულიად შესაძლებელია ამ სივრცის გარეშე არსებობა, გაცილებით უკეთესი განწყობით. არც ავადმყოფური დამოკიდებულება მიგრძვნია.

 

თუმცა, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ადამიანებისთვის ეს ვირტუალური სივრცე განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

ამ წლების მანძილზე ჩამომიყალიბდა სამეგობრო წრე (ეს არ ეხება 5 ათასი ფბ მეგობრიდან ყველას), რომლებთანაც ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ფეისბუქის გარეშე ამ ადამიანებთან კომუნიკაცია უბრალოდ შემიწყდება, იმის მიუხედავად საქართველოში იმყოფებიან თუ მის ფარგლებს გარეთ.

 

ამავე დროს, ამ დღეებში ჩამომიყალიბდა მკაფიო შეხედულებები/წესები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს ვირტუალური ურთიერთობები. დააკვირდით, არ ვწერ ვირტუალურ მეგობრობას, რადგან, როგორც ადრე ბევრჯერ დავწერე, ვირტუალური მეგობარიც ჩემთვის მეგობარია. ამ წესების შესახებ ცალკე დავწერ. მოკლედ დავაანონსებ - ვისაც საკუთარი ვინაობის დაფარვის გარეშე, ნორმალური, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობილი დისკუსია და ურთიერთობები არ შეუძლია, ეს შესაძლებლობა შეეზღუდება.

ტეგები: სოციალური თემა