დღის პოსტი
მიწის რეფორმას უფრო ფართო კონტექსტი და შინაარსი აქვს
დავით ზარდიაშვილი ◯ December 13,2018

 

მიწის რეფორმა ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. მიწის რეფორმა არ ნიშნავს მხოლოდ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვას. მას შეუდარებლად უფრო ფართო კონტექსტი და შინაარსი აქვს.

 

დღეს გამაოგნებლად პარადოქსული და მე ვიტყოდი, ველური მდგომარეობა გვაქვს: სახელმწიფო ყველაზე მსხვილი, თითქმის მონოპოლისტი მიწათმფლობელია და ამავდროულად, არ არსებობს არა თუ მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა, არამედ ელემენტარული სტატისტიკური ინფორმაციაც კი მიწათსარგებლობის შესახებ. ვერავინ იტყვის, რამდენი გვაქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქედან რამდენია სახნავ-სათესი, ბაღი, ვენახი, სათიბი, საძოვარი,სარეზერვო დანიშნულების დაუმუშავებული მიწა, უპატრონობით გავერანებული მიწა და ა.შ. იგივე მდგომარეობაა არასასოფლო მიწის თვალსაზრისითაც. არ მოიპოვება სისტემატიზებული ინფორმაცია, ვთქვათ, ტყის, ან წყლის ფონდის მიწების შესახებ, განაშენიანებული, სამრეწველო დანიშნულების, რეკრეაციული , საინჟინრო ინფრასტრუქტირის, მათ შორის - გზების და ა.შ. ტერიტორიების და შესაბამისი მიწის ნაკვეთების შესახებ. საერთოდ არ ხდება(იშვიათი გამონაკლისის გარდა) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, ტერიტორიების განვითარების პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება. კვლავაც იმართება არა ტერიტორიები, არამედ ისევ ცალკეული დარგები და იმართება მხოლოდ ფრაგმენტულად!

 

მოკლედ რომ ვთქვათ, მიწის ძირითად მესაკუთრეს - სახელმწიფოს ეს მიწა არც არაფერში სჭირდება, მხოლოდ გასაყიდად თუ გაახსენდება, არც არაფერში იყენებს და რეალურად, უპატრონოდ აქვს მიგდებული. თანაც, მიწის უპატრონოდ მიგდებისათვის, ჩვენი გამოშიგნული კანონმდებლობით (შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ მიწის კანონმდებლობა პრაქტიკულად არცა გვაქვს!)არც სახელმწიფოს და ზოგადადაც, არც არავის, არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

აქედან გამომდინარე, საყურადღებოა არა მხოლოდ ის საფრთხე, რომ უცხოელებზე მიწა არ უნდა გასხვისდეს, არამედ უწინარესად ის, რომ მიწას პატრონი არა ჰყავს!

 

მეტიც: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო და მიწის შემთხვევაში მით უმეტეს ასეა; მიწის რეფორმა კი იმას ნიშნავს, მიწას ჯეროვანი პატრონი გამოუჩნდეს!

 

ვინ უნდა გადაწყვეტოს, რომელია ჯეროვანი პატრონი? ცხადია, ქართველმა ხალხმა! მაგრამ არა აბსტრაქტულად და ერთობლიობაში, არამედ კონკრეტულად - ყოველმა თემმა ეს საკითხი საკუთარ ტერიტორიაზე თავადვე უნდა გაარკვიოს, ბუნებრივია, მიწათსარგებლობის დადგენილი სტანდარტების მკაცრი დაცვით!

 

ანუ გამოსავალი და მიწის რეფორმის ორი სტრატეგიული მიმართულება იმთავითვე გარკვეულია:

 

უწინარეს ყოვლისა, უნდა მოხდეს სახელმწიფო მიწის უდიდესი ნაწილის (გარდა მიწის იმ ნაკვეთებისა, რაც საჭიროა სახელმწიფო კომპეტენციების, უსაფრთხოებისა და გლობალური მასშტაბის ეროვნული ეკონომიკური პროექტებისთვის)მუნიციპალურ საკუთრებასა და თემის მუდმივ, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა;

 

მეორე, ასევე სტრატეგიული ამოცანაა - მიწათათსარგებლობის, მისი ჯეროვანი გამოყენების სტანდარტების დადგენა იმ უმთავრესი პრინციპის გათვალისწინებით, რომ მიწას, მიუხედავად მისი მესაკუთრისა, ჯეროვანი გამოყენება სჭირდება და თუკი ვინმე მიწას არ დაამუშავებს, მოაცდენს ანდა დააზიანებს, მან უთუოდ პასუხი უნდა აგოს!

 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს მიწის მართვის და ტერიტორიების განვითარების ეფექტიანი სისტემა როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივ, ე.ი. მუნიციპალურ და სათემო დონეებზეც.

 

საკუთრება, მით უმეტეს მიწის საკუთრება, მხოლოდ უფლება არ გახლავთ. აგერ, გერმანელებმა კონსტიტუციის მე-14 მუხლში, ჯერ კიდევ კონრად ადენაუერის დროს(რომელსაც ვერავინ დასწამებს არალიბერალობასა ანდა მით უმეტეს, სოციალისტობას!) ჩაწერეს კიდეც: "საკუთრება ავალდებულებს. მისი გამოყენება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიკეთეს."

 

ეს, ანუ მიწის ჯეროვანი მოვლა და პატრონობა, როგორც უწინარესი მოვალეობა, ოდითგანვე, ადრეული ნეოლითიდან დაწყებული, წარმოადგენდა ყველა ღირსეული ქართველის, როგორც საკუთარი, სათემო თუ საქვეყნო მამულის პატრონის, ვინაობის, იდენტობის დამდგენ ძირითად კანონს, ანუ - მის კონსტიტუციას. (მერე რა, რომ ეს კონსტიტუცია მაშინ პარლამენტს არ მიუღია?!).

 

დღეს რა ღმერთი გვიწყრება? რამ გამოგვახევისთავა? როდემდე უნდა ვიყოთ საკუთარ ქვეყანაში ხიზნები? ხოლო ხევისთავი კი ჯაყოს ხიზანი იქნება, აბა, სხვა ვისი?!

ტეგები: სოციალური თემა