დღის პოსტი
როგორ ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ მისი ლეგიტიმურობა
ამირან სალუქვაძე ◯ December 03,2018

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. ვრცელი სტატია იქნება, რადგან ტელევიზიებზე არ მეძლევა აზრის სრულად გამოხატვის საშუალება. ყველაზე რეიტინგული ტელევიზია არ მიწვევს. არც საზოგადოებრივი მაუწყებელია კეთილგანწყობილი, უკვე ორი წელია. მოკლედ, ვისაც არ მოგეწონებათ, რა ვქნა, უკვე რუსეთის საკუთრებაში არსებული ბორჯომით ერთად გავგრილდეთ.

 

ვუცქერი პროცესებს და ვრწმუნდები, რომ პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი ნაწილი ან წარმომადგენელი, მ.შ. ლიდერები, უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესებს, რადგან ზოგიერთი ძალიან ნეგატიურ როლს თამაშობს და ამოწურეს თავისი მისია, ზოგიც გვერდიდან სეირის მაყურებლების როლშია. ვერ გაიგებთ ვერც ოფიციალურ განცხადებებს, მოწოდებებს, ვერც პარალელურ აქციებს, შეფასებებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

რა აზრი აქვს ისეთი პარტიების არსებობას, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ და სახლებში სხედან?!

სადაა თქვენი შეფასებები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით?

თქვენ არ უნდა გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება არჩეული პრეზიდენტის მიმართ, ან მიულოცოთ, ან არ მიულოცოთ?

ინაუგურაციაზე, რატომღაც, ყველას მიგიწვევენ, კარგად მიბრძანდებით და დადგებით?!

მანამდე უყურებთ სეირს, ხელისუფლება ოპოზიციას, თუ პირიქით?!

სახიფათო ნიშნებს ვერ ხედავთ ამ დაპირისპირებაში და, როგორც ბიუჯეტით დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერები, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?

ასევე არ გამიგია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე სხვა კანდიდატების განცხადებების შესახებ. მათ არ ეკუთვნით პოზიციის გამოხატვა?!

 

ახლა არჩევნების შეფასებების შესახებ.

 

დავიწყოთ იმით, რომ უკვე გამოვხატე წინა ბლოგებში უარყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. შენიშვნები დავწერე ყველა მონაწილე სუბიექტის მისამართით.

 

ამ არჩევნებზე გვერდს ვერ ავუვლით შკლიაროვის "ფენომენს". ღრმა ანალიზს არ შევუდგები. რამდენიმე მომენტს გამოვყოფ. მის (რუსია, რუსულენოვანია თუ ვინცაა) მიერ შემოთავაზებული საარჩევნო კამპანიის დღის წესრიგი, რომელსაც შავი პიარი ჰქვია, არა მგონია მომგებიანი იყო ჩვენი მყიფე საზოგადოებისთვის და დემოკრატიისთვის. როცა მეუბნებიან, რომ მსგავსი ხდება აშშ-ში და სხვა მდგრად საზოგადოებებში, ვერ მივიღებ არგუმენტად.

 

ის კი დაიბადა სსრკ-ს პერიოდში (1976წ.) გომელში (ბელარუსი, ამჟამად ერთიანი რფ-ბელარუსის სახელმწიფოს სუბიექტი), მაგრამ მის ვიკიპედიის გვერდზე არ წერია ის ნაციონალობით რუსია თუ ბელარუსი (ტროლეიბუსში რომ დაბადებულიყო, ტროლეიბუსელი ხომ არ იქნებოდა?!), თუმცა წერია, რომ ისაა "американский, немецкий и российский политический консультант, политтехнолог". ალბათ სობჩაკის კამპანიის წარმართვა ანიჭებს რუსი კონსულტანტის სტატუსს. ამ არჩევნების შემდეგ მიაწერს, რომ ქართველი პოლიტტექნოლოგიცაა?! შკლიაროვის საპირწონედ ხელისუფლებას, მეორე ტურისთვის, მოუწია ისრაელიდან პოლიტტექნოლოგის ჩამოყვანა. თქვენთვის მომინდია იმის დადგენა, ჩვენი სიმშვიდისთვის, სამომავლოდ, ასეთი პრაქტიკა, ანუ შავ პიარზე და დაძაბულობაზე აგებული საარჩევნო კამოანია,, კარგი იქნება, თუ ცუდი?!

 

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არც ეუთოს, არც ევროკავშირის, არც NDI-ს და არც IRI-ს სადამკვირვებლო მისიებს. დასკვნებში, ნაკლოვანებებთან ერთად, მკაფიოდ წერია, რომ არჩევნები ჩატარდა "კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში".

 

მაშ რა ვქნათ ახლა, წაგებულ პარტიას ავყვეთ და არ მივიღოთ ეს არჩევნები, თუ გადავიდეთ პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე და მოვემზადოთ 2020-ისთვის?!

 

საფეხბურთო მატჩს (ჩემპიონატს), ან სხვა სპორტულ შეჯიბრს, თუ ერთი გუნდი მოიგებს და ამ მოგებას, მიუხედავად ყვითელი თუ წითელი ბარათების რაოდენობისა, არც მსაჯები, არც მსოფლიო ფედერაციები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ, წაგებულმა უნდა ამტკიცოს მოგებული ან ჩემპიონი ვარო?

 

აშშ-ს ელჩიც აღარ ყოფილა ავტორიტეტი, რომელიც ამბობს, რომ წაგების აღიარებაც და მილოცვაც დემოკრატიის ნაწილიაო.

 

ისე, 2008 წლის არჩევნების შეფასებას თუ ვნახავთ, იქ ევროდამკვირვებლები ასკვნიან, რომ არჩევნები მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა საქსრთველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

 

მოკლედ, არის ახალი რეალობის თავზე მოხვევის მცდელობა, რომ არც ეგზითფოლებს (მ.შ. საკუთარს), არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, მნიშვნელობა აღარ ჰქონია. აბა როგორ ჩავატაროთ 2020 წლის და შემდგომი არჩევნები და როგორ განვსაზღვროთ არჩევნების ლეგიტიმურობა?

აბსურდია.

 

2 დეკემბრის აქციის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა, ერთი მხრივ, არ სცნობთ არჩევნების შედეგებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოლაპარაკებებს სთავაზობთ ხელისუფლებას, აზრს ვერ ვხვდები. ერთი მხრივ სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობთ, მეორე მხრივ ულტიმატუმის ფორმით ვადას 16 დეკემბრამდე აძლევთ.

 

ულტიმატუმის წაყენების საფუძველს ვერც 3-4 ათას კაციანი აქცია იძლევა, ვერც არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა.

 

ახლა თვითონ მოთხოვნების შინაარსს რაც შეეხება.

 

ჩემთვის გასაგები იქნებოდა, იმ პირობებში, როცა არ აღიარებთ არჩევნების შედეგებს, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რა შუაშია?

 

თუ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვთ, მაშინ გამოდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აღიარებთ?!

 

დავუშვათ და შეაშინეთ ხელისუფლება თქვენი ულტიმატუმით, ვინ დს როდის ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

 

თუ არ ვცდები, ინაუგურაციიდან 6 თვის მანძილზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვერ დაინიშნება. 6 თვის შემდეგ ვინ უნდა დანიშნოს, სალომე ზურაბიდვილმა?

 

თუ არ აღიარებთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას, მაშინ როგორ უნდა აღიაროთ მის მიერ გამოცემული აქტები და დანიშნული საპარლამენტო არჩევნები?

 

უკუღმა დავსვამ კითხვას: თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება ინაუგურაციიდან 6 თვის, ანუ 2019 წლის ივნისს შემდეგ, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დანიშნავს და ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, ანუ აღიარებთ ამ აქტის კანონიერებას, მაშინ ლოგიკურია თუ არა, რომ უნდა აღიაროთ სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი?

 

ჰოდა, ამ ლოგიკით მივდივარ იქამდე, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული აქტები უნდა აღიაროთ. სხვაგვარად მის მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თქვენს მიერ არ უნდა ჩაითვალოს კანონიერად. თუ თქვენი შეფასებით პრეზიდენტი არალეგიტიმურია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც ხომ არალეგიტიმური იქნება?! ჰოდა, თუ ასეა, აღიარეთ წაგება და მიულოცეთ პრეზიდენტობა?!


ახლა რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემას.

 

მაჟორიტარული სისტემა არ მომწონს, რადგან, მეტწილად, მაჟორიტარი იმარჯვებს ან პარტიული მხარდაჭერით, ან ფულით. რეგიონებში რა ურთიერთობები აქვთ მაჟორიტარებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ცალკე თემაა, ერთი სტატია არ ეყოფა.

 

რეგიონებში არიან არჩეული მერები, საკრებულოები, დანიშნული გუბერნატორები. საკმარისია. პლუს რეგიონებში მმართველ პარტიებს აქვთ ოფისები. ამ სისტემას სხვა მნიშვნელოვანი ნაკლიც აქვს.

 

მაგრამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი რაც გააკეთა, შეცვალა პროპორციული სისტემა მაჟორიტარულით. კარგად მახოვს, რომ ეს ცვლილება მოხდა დეპუტატების რიცხოვნობის 250-დან 150-მდე შემცირების საფარქვეშ.

 

ხალხსაც გაუხარდა დეპუტატების რიცხოვნობა 100-ით შემცირდებაო და რა სისტემას ვიღებდით, არავის, მ.შ. არც პარტიებს, გაუპროტესტებია.

 

შემდეგ ვიხილეთ კონსტიტუციური უმრავლესობა, კონსტიტუციის საკუთარ ჭკუაზე მორგება და სხვა. ამ პერიოდში ხდება წინა ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო მოდელის საპარლამენტოდ გარდაქმნაც.

 

2004-2012 წლებში განხორციელდა 27 საკონსტიტუციო ცვლილება. ეს კარგად მახსოვს, რადგან შარშან ვწერდი არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით გამოვხატე უარყოფითი დამოკიდებულება. თუნდაც ის, რომ საპარლამენტო მოდელის პირობებში, უმჯობესია, უმაღლესი მთავარსარდალი იყოს პრემიერ-მინისტრი, რადგან პრეზიდენტს, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შესრულების ბერკეტები არ გააჩნია. თუმცა, ჩვენთან ამ თანამდებობის არსი არ ესმით. ამიტომაც უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები იურიდიულად გაწერილი არც არის.

 

მოკლედ, პარტიამ, რომელმაც თავად მიიღო მაჟორიტარული სისტემა, ახლა ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას ამ სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს ნორმალურია?!

 

უკვე დავწერე, რომ 3-4 ათას კაციანი კი არა, თუნდაც ასი ათასიანი აქციაც არაა საკმარისი ულტიმატუმისთვის, რადგან არსებულ პარლამენტს, არც შემდეგს, უფლება არ აქვს კონსტიტუცია შეცვალოს.

 

პრობლემა არაა, შეგვიძლია კონსტიტუცია თავზე გადავიფხრიწოთ.

 

ანუ რა გამოდის? რისთვის ჩატარდა ეს აქცია? თუ კონსტიტუციურად მისი შეცვლის უფლება პარლამენტს არ აქვს, რას ვთხოვთ ხელისუფლებას, კონსტიტუციის დარღვევას?

 

ის რომ, თითქოს არცნობილ გამარჯვებულ კანდიდატს, ამ მოთხოვნით, ფაქტობრივად, ლეგიტიმაციას აძლევთ, უკვე ავხსენი. ჰოდა, მიულოცეთ-თქო.

 

მოკლედ, აქციის არსი სანახევროდ გავიგე, როცა აპროტესტებდით დარღვევებს, მაგრამ მოთხოვნათა შინაარსი გაუგებარია. გამოდის აქცია აქციისთვის და დაძაბულობისთვის.

 

პოლიტიკოსებო, დავიღალეთ დაძაბულობის ამ ხარისხით და ტემპერატურით. ხალხს ფსიქიკა დატერორებული აქვს საინფორმაციო ტერორისგან.

 

სპეცოპერაციისას განხორციელებული დაკავებების შესახებ. ტელეინტერვიუში აღვნიშნე, რომ ეჭვებს ჰბადებს ბატალიონ დონბასის უკრაინელი მებრძოლების ჯგუფური სტუმრობა წინასწარ დაგეგმილი აქციების პარალელურად. თუ იარაღიც აღმოაჩნდათ, კითხვები ქარლწყლდება. თუმცა, მაგის გარეშეც, უცხო ქვეყნების მოქალაქეები საკუთარ ქვეყნებში დაეტიონ. საქართველოში ვიწვევთ მხოლოდ ბიზნესის და ტურიზმის მიზნით. აქციებზე არაფერი ესაქმებათ, თუ არ არიან დამკვირვებლები ან ჟურნალისტები.

 

ახლა არჩევნებში მიღებული ხმებით სპეკულირების შესახებ. ჩვენთან არც პარტიებია იდეოლოგიებზე დაფუძნებული (ეს ბევრჯერ დავწერე) და, შესაბამისად, არც ელექტორატია ამ იდეოლოგიის მიხედვით გაყოფილი. ამიტომ, ენმ-ის 760 ათასში ნაწილი მათი ტრადიციული მომხრეა, ნაწილი კი ხელისუფლებაზე განაწყენებული. იგივეა ხელისუფლების 1,2 მილიონში, - ნაწილი მათი მომხრეა, ნაწილი კი ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგი.

 

ეს გარემოება ტოვებს პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების გამოჩენის სივრცეს. ოღონდ ამ ძალებში ვგულისხმობ არა იმ პარტიებს, რომლებიც ახლა გასუსულები არიან, არც იმათ, რომლებიც რაღაც გაურკვეველ მანევრებში იყვნენ ამ არჩევნებზე, გაურკვეველი დაბოლებებით.

 

ახალი ძალების, ახალი სახეების გამოჩენის აუცილებლობის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი წერს სოც. ქსელში, მ.შ. ჩემს სივრცეში. ეს ახალი სახეები შესაძლოა მოქმედი პარტიების ბაზაზე შემოვიდეს. არაა საჭირო ახალი დასახელების პარტიების გამოჩენა. ეს არაფერს იძლევა.

 

ამით გეუბნებით იმას, რომ თუ ძირითადი პარტიები მოახერხებთ ხალხის სწორად გაგონებას და გაგებას, მოახერხებთ დაშვებული გადაცდომების, შეცდომების, დანაშაულების აღიარებას და თვითგარდაქმნას, ნეგატივისგან დისტანცირებას, ყველას გაქვთ პოლიტიკის გაგრძელების შანსი. ამ არჩევნებმა ეს დაგვანახა.

 

ჩემი გზავნილი ხელისუფლებას. ზოგიერთი დეპუტატის ეიფორია გადაჭარბებულია. ხალხმა მკაფიოდ მოგცათ ერთი წელი. უკვე 5 დღე გავიდა, დარჩა 360. ამიტომ, დროს ნე კარგავთ, თქვენი დღის წესრიგით იმოქმედეთ. ეს ერთი წელი გადაწყვეტს ოცნების ბედს 2020-ის არჩევნებში.

 

და ბოლოს, აქამდე ვერ ვახერხებდით ინაუგურაციისას ძველი და ახალი პრეზიდენტების ერთად ხილვას. წელს ამ ტრადიციას ვიხილავთ. თუმცა, ვერ ვახერხებთ საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან მილოცვას. ალაბთ კიდევ 27 წელი გვჭირდება.

 

მთავარი: ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ყველაფერი გააკეთეთ სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ნუ დაძაბავთ ვითარებას და ნუ გამოიწვევთ ესკალაციას. რუსეთი, რომლის ფაქტორსაც ასე კარგად ვიყენებთ წინასაარჩევნოდ, ჩასაფრებულია. უკრაინის 2014 წლის მოვლენებმა და დაპირისპირებამ დაგვანახა, რომ თავის შანსს ხელიდან არ უშვებს.

 

ამ პუბლიკაციას შეხედეთ ცივი გონებით და არა ემოციურად. ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის ნააზრევია. ასევე იკითხეთ, გამოიკვლიეთ რამდენ ადამიანს სურს რევოლუციური სცენარი. აქციის რიცხოვნობამ ეს აჩვენა.

 

ყველანაირად ვცდილობდი შიდა პოლიტიკისგან დისტანცირებას. მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსობა, როგორც პროფესია, არ მომწონს. მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. ძალიან ბევრი მეგობარი, ზოგი რეალური, ზოგიც ვირტუალური (ჩემთვის ვირტუალურიც რეალურია), ითხოვს ჩემგან მეტ აქტიურობას. მეც სულ უფრო მეტად ვსაუბრობ შიდა საკითხებზე, რადგან საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები დიდად არავის აინტერესებს.

ტეგები: პოლიტიკური თემა
მსგავსი ტეგები
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
April 03,2017
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
April 03,2017
ფარცხა-თოდრიზმი და შარდენზე განავლომა 22-ე საუკუნეში გამოცემულ განმარტებით ლექსიკონში
May 26,2017
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
September 04,2017
მწარე რეალობა - დაველაპარაკოთ თუ არა რუსეთს?
September 04,2017
პოლიტ-მედია დრამატურგიაში ნინია კაკაბაძეს "განხეთქილების ვაშლი" არგუნეს
April 13,2018
ინსტიტუციური კრიზისი „ოცნებაში“ - პარტია თუ ისევ კლიენტელა?
April 19,2018
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
October 11,2018
როგორ დავტოვეთ კოდორის ხეობა აფხაზეთში
December 05,2018