დღის პოსტი
რატომ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად
დავით ზარდიაშვილი ◯ October 11,2018

რატომ სალომე:

 

1. იმიტომ, რომ თუკი ვინმეა თავისუფალი ამ კანდიდატთა შორის საბჭოური თუ პოსტ-საბჭოური მძიმე კომპლექსებისა და ფობიებისგან, უწინარესად - ეს სალომეა!

 

2. იმიტომ, რომ თუ ვინმეა თავისუფალი პარტიკულარიზმისა და ვიწრო, შეზღუდული "პარტიული" აზროვნებისგან , პატრონ-კლიენტელური ანგარებისგან და იმ სიბინძურისგან, რასაც ჩვენი პარტიულ-პოლიტიკური ინტრიგები და ძალაუგლებისათვის დაუნდობელი ბრძოლა უხვად ატარებს, ეს სწორედ და უწინარესად სალომეა!

 

3. თუ ვინმე გულწრფელია, პრინციპული და პირში სიმართლის მთქმელი და არა აფერისტ-პოპულისტი, გაქნილი და გაიძვერა, ესეც - სალომეა!

 

4. თუ ვინმეს უმაღლესი კვალიფიკაცია და უმდიდრესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - სალომეს მაინც ვერ გაუტოლდება და ვერ შეედრება;

 

5. თუკი ვინმე ჭეშმარიტად ევროპელია, ე.ი. აზროვნებს და ისე ღირსეულად იქცევა, როგორც ევროპელი ქართველი, ისმენს და საუბრობს, როგორც ყველაზე დახვეწილი ევროპელი - რაღა თქმა უნდა, მხოლოდ სალომეა!

 

6. თუ ვინმემ დასთმო პირადი კეთილდღეობა, მეტიც -რისკის ქვეშ დააყენა თვით საკუთარი შეუბღალავი სახელიც, რადგან უარი თქვა გაცილებით მაღალშემოსავლიან და ღირსეულად დაფასებულ კარიერაზე, მეტიც - დაურიდებელი სიმართლისათვის საკუთარი ნებით დათანხმდა, შარში გაჰხვია თავი და იქცა ამ ქვეყანაში ყველაზე ბოროტთა, თუ მათი ფეხის ხმას აყოლილთა, უტიფარი ცრუ-ბრალდებების, მათი ავყია ლანძღვა-გინებისა და მუქარის მთავარ სამიზნედ, რასაკვირველია - სალომეა!

 

7. თუკი ვინმეს ღირსება და კეთილშობილება იმთავითვე და მეტიც, ოდითგან - ჯიშითა და წარმომავლობით, მოსდევს, გარეგნობითაც გამორჩეულად ეტყობა და სახეზეც ასე ნათლად აწერია, - უწინარესად, სალომეა!

 

8 თუკი ვინმეს, არა მხოლოდ ახლა, არამედ მაშინაც კი, როცა ეს ზღაპარი ეგონათ, ბოლომდე სჯეროდა და მტკიცედა სწამდა საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობისა, ბავშვობიდანვე არა მხოლოდ მონაყოლით, არამედ - საკუთარი ოჯახის მაგალითზე სწავლობდა თავდადებას ამისათვის, ესეც - ბუნებრივია, მხოლოდ სალომეა!

 

დაფიქრდით და თავადვე დაასკვნით, რომ ამ არგუმენტებიდან არც ერთი არ არის გადაჭარბებული და მით უმეტეს, ცრუდ მოგონილი!

 

ნუ გაცთუნებთ ნაცთა ანუ ნაწყლთა (სულხან-საბას მიხედვით სინონიმები გახლავთ და "უკანა კარს", უკუღმართობასა ნიშნავს) უკუღმართი ბოდვა, ნუ დაგაბნევთ მათი ბოროტი ლანძღვა-გინება და ნუ შეგაშინებთ მათი მუქარა!

 

ეძიეთ სიმართლე და ის დაგანახებთ, ვისაც უნდა მისცეთ ხმა!

ტეგები: პოლიტიკური თემა