დღის პოსტი
რატომ რეაგირებს ასე მწვავედ რუსეთი ჯაველინების შეძენის გამო
ამირან სალუქვაძე ◯ March 17,2018

 

 

რუსეთის სამხედრო მრეწველობა მეორე წელია მუშაობს ახალ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის შექმნაზე, რომელშიც რეალიზებული იქნება პრინციპი „გაისროლე-დაივიწყე“, ანუ მე-3 თაობის რაკეტებით. ასეთი პრინციპი უკვე არის რეალიზებული ამერიკულ ტანკსაწინარო კომპლექს „ჯაველინში“, რომელიც უკვე შეიძინა საქართველომ. დადებითი გადაწყვეტილებაა უკრაინასთან მიმართებაშიც. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინისთვის ჯაველინის სისტემის 35 გამშვები დანადგარის და 210 რაკეტის შესყიდვას, ამერიკის მხარე დააფინანსებს.

 

რა თქმა უნდა, „ჯაველინის“ ტიპის კომპლექსების შეძენას დადებითად ვაფასებ. ამავე დროს, ვფიქრობ, ჩვენც შეგვეძლო და კიდევ შეგვიძლია გარკვეული ფინანსური დახმარების მიღება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სამხედრო აღჭურვილობის, შეიარაღების და ტექნიკის მიღების სახით. თუ ამას ახერხებს უკრაინა, ვახერხებდით ჩვენც. გავიხსენოთ იროკეზების ესკადრილიის გადმოცემა, მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის სრულად მომზადება აღნიშნული ესკადრილიისთვის, სრული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა წლების განმავლობაში. ეს დახმარება ჩვენ ეფექტიანად ვერ გამოვიყენეთ, კადრები გავანიავეთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. იყო სხვა დახმარებებიც.

 

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები, ასევე ჩვენი წვლილი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიურად დავაყენოთ სამხედრო-ტექნიკური დახმარების საკითხი.

 

დავუბრუნდეთ ჯაველინების თემას. რამდენიმე მიმართულებით მსურს გავამახვილო ყურადღება: ა) ჯაველინების ტტმ-ის შედარება სხვა ანალოგებთან, ბ) ჯაველინების საკითხით რუსეთის გაღიზიანების მიზეზები, გ) კომპლექსების ათვისება, შენახვა და კვალიფიციური მომსახურება.

 

ტანკსაწინაღო კომპლექსებს სხვადასხვა სახელმწიფოები აწარმოებენ. მათ გამიზვნის სხვადასხვა სისტემები გააჩნიათ. მე-3 თაობის რაკეტებს აშშ-ს გარდა აწარმოებენ ისრაელი (Spike)  და ინდოეთი (Nag). სხვათაშორის, ინდური რაკეტების სიშორე 2-ჯერ აღემატება ამერიკულს. რუსული კორნეტის სიშორე კიდევ უფრო მეტი, 10 კმ-მდეა, თუმცა მისი რაკეტები მიეკუთვნება 2+ კლასს, ანუ მასში არაა რეალიზებული პრინციპი „გაისროლე-დაივიწყე“. ჯაველინების პლიუსად უნდა ითქვას ის რომ, მას ტრაექტორიის ორი რეჟიმი აქვს, პირდაპირი და შეტევა ზემოდან, როცა  მისი რაკეტა ტანკს ყველაზე სუსტად შეჯავშნულ ადგილას ხვდება. მოკლედ, შეძენისას უნდა შეფასდეს რომელი მახასიათებელი უფრო მნიშვნელოვანია მყიდველისთვის, ღირებულება, სროლის სიშორე, გამიზვნის სისტემა და ა.შ.

 

რატომ რეაგირებს ასე მწვავედ რუსეთი ჯაველინების შეძენის გამო? თუ ტანკებით შემოჭრას არ აპირებენ, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს უკრაინას ან საქართველოს ექნება თუ არა ტანკსაწინააღმდეგო სისტემები? სამხედროსთან ერთად პოლიტიკური მიზეზიც უნდა ვეძებოთ. რუსეთმა იცის, რომ მსგავსი სისტემების რეალიზებას აშშ ყველა სახელმწიფოსთან არ ახორციელებს. ჩვენთვის ან უკრაინისთვის ჯაველინების გადაცემა თუ მიყიდვა ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში აშშ-ს გრძელვადიანი მიზნები გააჩნია.

 

და ბოლოს, რაზეც მინდა ჩვენი მთავრობის ყუდაღება გავამახვილოთ, ესაა შეძენილი კომპლექსების საგარანტიო, ასევე შენახვისა და მომსახურების პირობების მკაცრად დაცვა. არ შევეხებოდი ამ თემას, მაგრამ ჩვენ ცუდი პრაქტიკა გვაქვს სარაკეტო სისტემების ექსპლოატაციასთან დაკავშირებით. უნდა ვისწავლოთ შეიარაღების და ტექნიკის დანიშნული ქარხნული რესურსის გაფრთხილება, რაც პირდაპირ კავშირშია ტექნიკური მომსახურების და შენახვის პირობების მკაცრად დაცვასთან.

ტეგები: სამხედრო თემა