დღის პოსტი
საქართველოს საგარეო კურსი - პუტინის მიმართვის შეფასება
ამირან სალუქვაძე ◯ March 05,2018

 

ვიდეო ბლოგის ჩაწერას ვაპირებდი, მაგრამ ვიდეოს ყველა არ უცქერის, ამიტომ ასეთი ფორმით გადავწყვიტე ვუპასუხო იმ აჟიოტაჟს, რაც გამოიწვია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან, პუტინის გამოსვლამ.

 

ჯერ საქართველოს კურსთან დაკავშირებით. არავინაა რუსეთთან ურთიერთობის დათბობის, თუნდაც სტრატეგიული პარტნიორობის წინააღმდეგი. ოღონდ ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. მხოლოდ აღიარების უპირობოდ გაწვევა, შემოყვანილი არმადის გაყვანა რუსეთის ტეროტორიაზე, კონტიგენტის დაყვანა სამშვიდობო რიცხოვნობამდე და ა.შ. მზად არიან? არა.

 

რუსეთისკენ შემობრუნების, თუ ნეიტრალიტეტის მომხრეები ამბობენ, რომ ესაა საქართველოს გამთლიანების გზა. მე კი გეუბნებით, რომ ესაა საქართველოს დასამარების გზა.

 

ჯერ ერთი, ადრეც დავწერე, ნეიტრალიტეტი ვერ შედგება გარე აქტორების გარანტიების და შეთანხმების გარეშე. გარე ძალების გარანტიებმაც ვერ უშველა უკრაინას, როცა ბირთვული იარაღი ჩააბარა რუსეთს. წლების შემდეგ კი კონსტიტუციით გაამაგრეს უბლოკო სტატუსი, იანუკოვიჩის დროს. მიიღეს შედეგი?

 

მოლდოვას მაგალითს შეგახსენებთ. ისეთი პრორუსი პრეზიდენტი ჰყავს დღეს მოლდოვას, კრემლი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მერე რა? დამისახელეთ ერთი ისეთი განცხადება ან ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, რომელიც ამ პრორუს პრეზიდენტს პოზიციებს გაუმყარებდა მოლდოვაში, პრიდნესტროვიის დაბრუნების კუთხით

 

ჩვენს მაგალითზე მაინც ვისწავლოთ. 1993 წელს მუხანათურად, ფაქტიურად ღალატით, სიცრუით ჯერ გამოგვატანინეს მძიმე შეიარაღება, შემდეგ უიარაღოებს შემოგვიტიეს და რაც ერთი წელი ვერ გადაწყვიტეს, ორპირობით ორ კვირაში მოაგვარეს.

 

რა ხდება ამის შემდეგ? საქართველო აფიქსირებს პრორუსულ ორიენტაციას, შედის დსთ-ში, შედის კუხო-ში. რა მიზნით მოხდა ეს? იმ მიზნით, რომ აღგვედგინა ტერიტორიული მთლიანობა.

 

მესმის, ახლა იტყვით, რომ 2008-ში ჩვენ დავუშვით შეცდომები და ა.შ. არ მინდა აგვისტოს ომის დაწყებაზე ბევრი საუბარი. ჩემთვის ომი არ დაწყებულა 8 აგვისტოს, დაიწყო მანამდე. 8 აგვისტოს რაც შეეხება, ჩვენი მოქმედებები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად განსხვავებული: ცხინვალში შესვლის ნაცვლად, ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინა ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. თავდაცვითი მოქმედებები შესაძლოა გაგრძელებულიყო დიდხანს. ბოლო-ბოლო შეწყდებოდა დასავლეთის ჩარევით. სამხედრო-პოლიტიკური მმართველობის გამართულობაზე აღარ ვსაუბრობ.

 

მაგრამ, შევეშვათ 8 აგვისტოს. ბევრჯერ დავწერე, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება, სამშვიდობი შეთანხმების თანახმად ძალა გამოყენებინა, ოღონდ არავის მიუცია უფლება ცალმხრივად გადაეწყვიტა კონფლიქტი და ახალი საზღვრები დაეხატა. მითუმეტეს მთელი საქართველო ებომბა „მშვიდობის იძულების“ აბრის ქვეშ. „მშვიდობის იძულების“ საზღვრები კონფლიქტის ზონით იყო შემოფარგლული. ცხინვალში აქეთა თუ იქეთა მხარის მიერ ცეცხლის გახსნასთან რა კავშირში იყო აფხაზეთი? რა შუაში იყო სამხედრო ბაზებში შესვლა და ძარცვა მთელი საქართველოს მასშტაბით? ეს არ იყო მშვიდობის იძულება, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რაც თავმოყვარეობის შელახვას უნდა იწვევდეს.

 

1994-დან 2008-მდე, ან 2003 წლამდე, რა უშლიდა ხელს კონფლიქტის მოგვარებას? კუხო-ში და დსთ-ში მყოფ საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტი რუსეთი, როგორ გვათამაშებდა, დაგავიწყდათ? ახლა რომ დავწვეთ, რატომ გაქვთ პოზიტიური მოლოდინები? მას შემდეგ, როცა არცერთი კოზირი ხელში არ გვექნება, რატომ ელით დათმობას? ნატოზე უარის თქმა კი ზუსტად ამას ნიშნავს - ბოლო კოზირს ჩავაბარებთ. როდის და ვისთვის რა დაუთმია? თუ რაიმეს დათმობს, ზუსტად იმ შემთხვევაში, როცა იგრძნობს, რომ ამ ორი რეგიონის ოკუპაცია ხელს არ შეუშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

 

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების რეალობას. არ ვარ ასე გულუბრყვილო. მედიასაც თვალს ვადევნებ და ვიცი ევროსკეპტიკოსების, განსაკუთრებით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიცია.

 

გერმანიის პოზიციას აქვს ახსნა. ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს, როცა გერმანიის გაერთიანების საკითხი იდგა, გორმაჩოვსა და ბეიკერს (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი) შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ გერმანიის გაერთიანებას არ უნდა მოყოლოდა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით.

 

მაგრამ, მოდით განვიხილო რა მოხდა ამის შემდეგ?

 

სსრკ დაიშალა და სსრკ-ს მიმართ ვალდებულება მხოლოდ რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამართალმემკვიდრეა, არ უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით, როცა რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ატარებს.

 

ნატოს ერთ წევრს ჰქონდა უფლება მთელი ორგანიზაციის სახელით ესაუბრა? თუ ისაუბრა, რატომ დაიჯერეს?

 

თუ გერმანია ამ მიზეზით ბლოკავს ნატოს გაფართოებას, სად იყო, როცა ბალტიისპირეთს და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს იღებდნენ? ან რატომ მკაფიოდ არ განაცხადა ამის შესახებ, როცა შევუერთდით სხვადასხვა პროგრამებს, როცა გამოაცხადეს ღია კარის პოლიტიკა? ამიტომ, გერმანიას და საფრანგეთს იქეთ უნდა მივაწვეთ. გვატარეს 20 წელი და ახლა ფინიშთან უნდა დაგვიხურონ კარი?

 

სსრკ-ს დაშლას მოჰყვა სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტები რუსეთის მონაწილეობით და მხარდაჭერით: ფერგანა, ყარაბაღი, ცხინვალი, აფხაზეთი, პრიდნესტროვიე.

 

რომელ წლებში მოხდა ნატოს გაფართოება? პირველი ტალღა 1999 წელს (სსრკ-ს დაშლიდან 8 წლის შემდეგ), მეორე ტალღა კი 2004 წელს. ნატოს გაფართოების მიზეზი არა ნატოს ექსპანსიური პოლიტიკაა, არამედ რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, რომლებსაც გაურბიან ქვეყნები და თავშესაფარს ნატოს ქოლგის ქვეშ ეძებენ.

 

ჩვენ გამოვიარეთ მთელი ეს წლები, ვატარებთ რეფორმებს, ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ოპერაციაში და დღეს ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას აქვს მოარალური უფლება საქართველო დარტყმის ქვეშ დააყენოს იმ მოტოვოთ, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს? ვიმეორებ, ამ 20 წლის განმავლობაში არ იცოდნენ რომ რუსეთი გაღიზიანდებოდა?

 

ამ დროს ხელისუფლებას კი არ უნდა ვებრძოდეთ და რაღაც ახალი რაკეტების შიშით, კურსის შეცვლის მოთხოვნას კი არ უნდა ვითხოვდეთ, მთელი ქვეყანა ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და დავანახოთ, მეტიც, მოვთხოვოთ ნატოს გადადგან გაბედული ნაბიჯი.

 

კიდევ შეგახსენებთ ზოგიერთ დეტალს ისტორიიდან.

 

ადრე დავწერე და გავიმეორებ, რომ რუსეთი ჩვენზე ადრე მირბოდა ნატოსკენ და არა მხოლოდ ელცინის დროს, არამედ პუტინის პერიოდშიც.

 

აკრიფეთ გუგლში ნატო-რუსეთი და წაიკითხეთ ისტორია. 1994 წლიდან რუსეთი უერთდება პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. 1997 წელს იქმნება ნატო-რუსეთის საბჭო, ხელი ეწერება შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში. 1998 წელს ნატოში ყალიბდება რუსეთის წარმომადგენლობა. 2002 წელს შეიქმნა ნატო რუსეთის ე.წ. „ოცეულის საბჭო“. 2003 წელს რფ-ნატო ხელს აწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას უსაფრთხოების, ეკიპაჟების გადარჩენის და სხვა სფეროებში. 2007 წელს პუტინი ხელს აწერს კანონს, რომელიც PfP-ის დამატებით ოქმებს ეხებოდა.

 

როგორც რუსულ წყაროებში წერია ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რუსეთი მონაწილეობდა ერთობლივ სამხედრო მანევბრებში, აქტიურად თანამშრომლობდა ყველა მიმართულებით, საქმე რუსეთის სრული წევრობისკენ მიდიოდა. რუსეთი ერთი მხრივ განცხადებებს აკეთებდა ნატოს გაფართოების საწინააღმდეგოდ, თვითონ კი ვლადივასტოკიანად ნატოსკენ მიილტვოდა.

 

ურთიერთობების გაფუჭება 2008 წლიდან საქართველოში რუსეთის აგრესიის გამო იწყება (ასე წერია რუსულ წყაროებში).

 

ახლა ამიხსენით, როცა საუბრობენ, რომ ნატოსკენ ლტოლვის გამო დაგვსაჯა რუსეთმა, რა ლოგიკაა ამაში მათი მხრიდან? საქართველო და რუსეთი პარალელურ რეჟიმში მიდიოდნენ ნეტოსკენ. მათთვის შეიძლებოდა ნატოსთან დაახლოება და ჩვენთვის არა? ისე, დროზე გაეღოთ ის რაღაც დასაკაკუნებელი კარია და შეეშვათ რუსეთი, ჩვენც დავისვენებდით და ისინიც.

 

მიზეზი, თითქოს ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების გამო დაიძაბა რფ-ნატოს ურთიერთობები, არ ჯდება ლოგიკაში. სსრკ 1991 წელს დაიშალა. ნატოს პირველი გაფართოება 1999 წელს მოხდა. რუსეთი აგრძელებს თანამშრომლობას, მეტიც, ჯერ ერთი ფორმატის საბჭო იქმნება, მეორე მეორე. 2004-ში მეორე ტალღაა, ბალტიისპირეთი შედის. ისევ გრძელდება თანამშრომლობა.

 

ამიტომ ამ წლებს უკეთ უნდა ვაანალიზებდეთ და მხოლოდ რუსი ანალიტიკოსების პუბლიკაციებით ან თოქ-შოებით არ უნდა ვაკეთებდეთ დასკვნებს. როგორც სურთ ისე ჭრიან და კერავენ. არც იუგოსლავიაა მიზეზი, რომლის ისტორიაც კარგადაა შესასწავლი.

 

ნატო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭების მიზეზი იმპერიის აღდგენის სურვილია.

 

კიდევ ერთხელ ლუკ კოფის შესახებ. მეგონა, იმ დღეს, როცა ეს ინიციატივა გამოცხადდა და კომენტარი გავაკეთე (იმ დღეს ხალხი ემალებოდა კამერებს, რაიმე არ წამომცდესო), ყველამ ყველაფერი გაიგო. ეტყობა კიდევაა საჭირო განმარტება.

 

ან ველოდებით დეოკუპაციას და შემდეგ შევდივართ ნატოში, ან შევდივართ ოკუპირებული ტერიტორიებით, ოღონდ მე-5 მუხლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აფხაზეთის და ცხინვალის გარდა, ამ რეგიონების დეოკუპაციამდე.

 

ანუ, თუ ასე მოხდა, ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია მოექცევა ერთიანი ქოლგის ქვეშ და გავაგრძელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას, რასაც უფრო იოლად მივაღწევთ. მთელ ტერიტორიაზე მე-5 მუხლის გავრცელება მიღებისთანავე ხომ ეგრევე ომში შესვლას ნიშნავს?! ზუსტად ეს იყო ოკუპაციის მიზეზიც.

 

ისეთი აჟიოტაჟია, გეგონება აგერ დევს ლანგარზე და არჩევანის საშუალება გვაქვს, შივიდეთ თუ არა ლუკ კოფის ვარიანტის თანახმად ნატოში. ევროპა ბრიუსელის სამიტამდე, რომელიც ივლისში გაიმართება, პუტინის მიმართვის განხილვას მოანდომებს. ასე რომ, ნუ გეშიანიათ, არ მიგვიღებენ ასე მალე. პუტინის მიმართვა, სხვათაშორის, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყო გამიზნული, როგორც ბევრი წერს, ბრიუსელის სამიტიც იყო ერთ-ერთი სამიზნე.

 

განვიხილოთ პუტინის დუმისადმი მიმართვა.

 

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ პუტინის გამოსვლიდან გაიგო ხალხმა, რომ სანქციების შედეგად რუსეთი თურმე არ დაშლილა. პუტინის გამოსვლიდან გაიგეს, რომ რუსეთმა სამხედრო პოტენციალი საგრძნობლად გაზარდა, ახალ შეიარაღებაზე მუშაობს და ა.შ.

 

აქამდე არ ადევნებდით თვალყურს რა ხდებოდა დუნიაზე? თურმე, 1 მარტს, მსოფლიოში ახალი პოლუსი გამოჩნდა, - რუსეთი. 28 თებერვალს არ იყო და 1-ში პოლუსად იქცა.

 

პოლუსი არ ბაქიბუქობს ანიმაციებით ან თუნდაც რეალური იარაღით და არ ითხოვს დამელაპარაკეთო. მთავარი მესიჯი კი ზუსტად ეს იყო, როცა ახალ შეიარაღებაზე ისაუბრა. გაგიგონიათ სადმე ამერიკას ეთხოვოს დამელაპარაკეთო?

 

21-ე საუკუნეში სახელმწიფოს ლიდერი გამოდის, იარაღს აჟღარუენებს და აქ აჟიოტაჟი იწყება. რა არის აჟიოტაჟის მიზეზი, მოგვეწონა შანტაჟის ენით საუბარი? იქნებ მოხსენების ეკონომიკურმა და სოციალურმა ნაწილმა აღგვაფრთოვანა?

 

არ ვაპირებ რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ვრცლად განხილვას. გადახედეთ რუსულ მედიას. ვისაც ეზარება, „პოლე ჩუდესი“ ნახეთ ხოლმე, იაკუბოვიჩი ყოველ გადაცემაში პენსიებს და ხელფასებს აცხადებს. დიდად მიმზიდველი არაა.

 

დაპირდა მოსახლეობას გზების რემონტზე გაორმაგებულ დაფინანსებას (გზები ცნობილი რუსული უბედურებაა), სივრცით განვითარებას. ასე თქვა პირდაპირ, ბევრი ადგილი გვაქვს და სივრცეში განვითარდეთ, ერთსართულიანი სახლები ავაშენოთო.

 

ჩრდილოეთ კორეა რომ რაკეტას ბუთქებს იაპონიის მიმართულებით, მერე გამოჩნდება კიმ ჩენ ინი და დამელაპარაკეთო ამბობს, რით განსხვავდებოდა ამ გამოსვლისგან? მხოლოდ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა რეალურად ისვრის ხოლმე, რუსეთმა კი ანიმაციებით მიანიშნა. ტერორისტებთან არ გავაკეთებ შედარებას, თუმცა სტილი იგივეა.

 

სერიოზულად ურჩევთ მთავრობას სასწრაფოდ გამოვაცხადოთ ლოიალობა (ნეიტრალიტეტი)? მერე რას მივიღებთ? თქვენ აგებთ პასუხს?

 

აღარ მინდა იმაზე საუბარი, თუ როდის ხდება ეს აჟიოტაჟი, როცა ცხედრის გადმოსვენებას ველოდებით 10 დღეა.

 

რაც შეეხება რუსეთის ახალ შეიარაღებას და ანიმაციებს.

 

რა თქმა მეზობელი სახელმწიფოს შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასო. მითუმეტეს, როცა ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. მაგრამ ის რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი იზრდება, მოახდინეს მთელი არმიის (სახმელეთო ჯარები, ფლოტი, საჰაერო-კოსმოსური ძალები და სხვა) რეფორმირება-მოდერნიზება, შეიარაღების და ტექნიკის განახლება, წლებია ვუცქერით და პირადად დავწერე რამდენჯერმე.

 

ეფექტიანია რაკეტები „სარმატი“, „ავანგარდი“, „კინჟალი“, სხვა ახალი შეიარაღება, რაც პუტინმა ჩამოთვალა. სხვა ახალი ტექნიკაც ეფექტიანია. ისაუბრეს, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებში რუსეთმა გაასწრო დასავლეთს. ჩვენც დავიჯერეთ.

 

იყო საუბარი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე სარაკეტო ძრავთან დაკავშირებით. ეს არაა ახალი. ადრე ამერიკამაც და რუსეთმაც შეაჩერეს მუშაობა ამ მიმართულებით. რუსეთი, როგორც ამბობენ, დაუბრუნდა ამ პროექტს. ძრავი გამოსცადეს. რაკეტა არა მგონია მზად იყოს. ეს მრავალწლიანი პროცესია, სანამ სერიულამდე მივა. მსგავსი რაკეტა რომ გამოეცადათ, ეს დაფიქსირდებოდა ამერიკული შორეული აღმოჩენის სისტემებით, ასევე კოსმოსიდან.

 

რაც შეეხება ზოგადად ზებგერით რაკეტებს, დიდი ხანია აქვს ამერიკა მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე და 4-6 წინ ატარებდნენ საცდელ გაშვებებს. რა დონეზეა ახლა, არაა ცნობილი. მაგრამ არ მგონია რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ამ კუთხით. ამერიკული მინიტმენ-3-ის სიჩქარე შეადგენს 24000 კმ/სთ-ს (>20M).

 

ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 100 მლრ დოლარით გაიზარდა. იგეგმება დაფინანსების გაზრდა ბირთვული პოტენციალის მოდერნიზებისათვის. სხვადასხვა ციფრები სახელდება. საუბარია 1,2 ტრილიონის გამოყოფაზე 2046 წლამდე.

 

სახეზე ვიღებთ ე.წ. გამალებულ შეიარაღებას, რაზეც უკვე რამდენჯერმე დავწერე ამ ერთი წლის განმავლობაში. რუსეთის ლიდერი წლებია აცხადებს, რომ არ აჰყვება ამ პროცესში დასავლეთს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს გაცილებით იაფი უჯდება შეიარაღების შექმნა და წარმოება, რუსეთის ბიუჯეტისთვის ეს მაინც დიდი თანხებია. მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტებს თუ შევადარებთ, 45 მლრდ 700-ის წინააღმდეგ, დიდი განსხვავებაა. აღარაფერს ვსაუბრობ ეკონომიკაზე, რომლის ჩამოშლასაც დიდი ხანია ელოდება რუსეთი.

 

დავუშვათ შექმნა რუსეთმა ისეთი სარაკეტო სისტემები, რომლებიც არღვევენ ამერიკულ ანტისარაკეტო ფარს. მერე რა? ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს რუსეთი? თუ ამერიკა ესხმის თავს?

 

დიდი ხანია ბირთვყლი პარიტეტი არსებობს და ვწერდი ამის შესახებ. ბირთვული რაკეტების დაახლოებით ერთი იგივე რაოდენობა გააჩნიათ, რაც სრულიად საკმარისია ერთმანეთის რამდენჯერმე გასანადგურებლად. ეს იცის ორთავე მხარემ.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთს ბირთვული მუხტების მეტი რაოდენობა გააჩნია.ვინ რა შეთანხმებას არღვევს, კიდევ საკითხავია. თუმცა ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

დავუშვათ და რუსეთმა მოიპოვა სამხედრო უპირატესობა მსოფლიოში. ჩვენ უნდა სასწრაფოდ დეპეშა ვაფრინოთ მოსკოვში თქვენი ვართო? მერე აშშ დახარჯავს რამდენიმე ტრილიონს, გადაუსწრებს რუსეთს და ვაშინგტონში გავფრინდეთ? რუსეთს ჩვენი საყოფი რაკეტები ყოველთვის ჰქონდა და რაღას ვიბრძვით ამდენი წელი?!

 

აქვე უნდა დავამატო რუსეთის მიერთება G7-თან მე-8 წევრად, რაც ამ კლუბის წევრთა მხრიდან ნიშნავდა რუსეთის თანასწორ და სანდო წევრად აღიარებას. შესაბამისად, არავინ აპირებდა რუსეთის დაშლას, რომ არა თვით რუსეთის აგრესიული სამეზობლო პოლიტიკა.

 

შეთანხმებების თანახმად, მხარეები ერთმანეთს უნდა ატყობინებდნენ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის შესახებ ურთიერთნდობის შესანარჩუნებლად.

 

ასეთი დემონსტრაცია, როცა გამომწვევად აჩვენებ, რომ ჩვენ შევქმენით და დაგველაპარაკეთ, არ იწვევს ნდობას. ხრუშჩოვის სტილშია, როცა ფეხსაცმელი ურტყა ტრიბუნაზე. კიმ ჩენ ინს ტრამპმა ადამიანი-რაკეტა შეარქვა. დაახლოებით იგივეა.

 

ყველაფერი მარტივადაა. იმპერიის შექმნის სურვილი ავტომატურად იწვევს რკინის ფარდის ჩამოფარებას და ყველაფერი აქეთკენ მიდის. რუსეთის ლიდერის შანტაჟის შემცველ გამოსვლას, სწორედაც რომ რკინის ფარდა მოჰყვება. დიალოგი მოვა წლების შემდეგ, როცა უკუეფექტს მიიღებენ.

 

არ კეთდება ასე პოლიტიკა. ადროვეთ მთავრობას საგარეო კურსის წარმართვა. არსებული კომუნიკაციები მაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ საკმაოდ საღად აფასებენ მიმდინარე პროცესებს. ჩამშვიდდება ეს ანიმაციური ისტერიული აჟიოტაჟი.

ტეგები: სამხედრო თემა