დღის პოსტი
დეპრესიული საზოგადოება უმძიმესი დამბლის მდგომარეობიდან გამოყვანას საჭიროებს
დავით ზარდიაშვილი ◯ February 14,2018

 

რეალური სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მძიმეა, ფაქტობრივად - კატასტროფულია. "საშუალო ფენად" მოსახლეობის ის კატეგორია მიიჩნევა, რომელთა საოჯახო შემოსავალი 1200 ლარს აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკით კი ასეთი "საშუალო ფენა" მოსახლეობის არა უმეტეს 10%-ს შეადგენს.

 

არადა, სინამდვილეში, ასეთ "საშუალო ფენად" უნდა ვიგულისხმოთ მატერიალურად უზრუნველყოფილი და სოციალურად აქტიური მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადს იხდის, ე.ი. მათი საოჯახო შემოსავალი, დღეს მოქმედი კანონმდებლობით წელიწადში 40 000 ლარს (თვეში 3 300- ანუ 1200-ზე თითქმის სამჯერ მეტს) მაინც აღემატება. სწორედ ასეთ მატერიალურად უზრუნველყოფილ, ეკონომიკურად გამართულ და სოციალურად აქტიურ, ღირებულ ფენას, რომელიც საკმარის სახსარს ფლობს, რათა თავიც შეინახოს და საკუთარი ქვეყანაც, ანუ - ქონების გადასახადის გადამხდელია, ძალუძს შექმნას საზოგადოებრივ სიკეთეებზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი და შესაბამისად - დააფუძნოს დემოკრატიული ერი-სახელმწიფოც...

 

კატასტროფული და სამარცხვინოა, როცა ქვეყანას ქონების გადასახადის გადამხდელი ოფიციალურად მხოლოდ 37 000 მოქალაქე ჰყავს, ანუ მთლიანი მოსახლეობის ოდენ 1%! მაშასადამე, რეალური "საშუალო ფენა" ქვეყანაში 1%-საც (!!!) არ აღემატება. მაშინ, როცა ოფიციალური მათხოვარი 450 000-ზე (!!!) მეტი გვყავს. რასაკვირველია, "ოფიციალურ მათხოვრად" უპირობოდ უნდა მივიჩნიოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის შენახვის აღარავითარი მატერიალური სახსარი აღარ გააჩნია, იძულებულია სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის, რომელიც დღეში საცოდავ 1 ლარს შეადგენს, მიღებთ დაკმაყოფილდეს და ეს სამადლოდ გადმოგდებული, დაყვედრებული, სამათხოვრო ლუკმა იკმაროს.

 

ამრიგად, რეალურად გვაქვს შემაძრწუნებელი, კატასტროფული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, როცა ერთ საშუალო ან საშუალოზე შეძლებულ მოქალაქეზე 10-15 ოფიციალური მათხოვარი მაინც მოდის!

 

რაც უფრო მეტადაც შემაძრწუნებელია - ეს შემზარავი სტატისტიკა წლიდან წლამდე კი არ უმჯობესდება, არამედ პირიქით - სულ უფრო უარესი ხდება.

 

ამგვარ მდგომარეობას ღრმა დეპრესია, ანუ სოციალურ-ეკონომიკური დამბლა ჰქვია სახელად. ხოლო დაბლადაცემულისგან არა თუ "მაღალი სტანდარტის დემოკრატიის", არამედ ელემენტარული ჰიგიენის დაცვაც კი საეჭვოა.

 

ასეთი დეპრესიული საზოგადოება, უწინარეს ყოვლისა, ამ უმძიმესი დამბლის მდგომარეობიდან გამოყვანას საჭიროებს. რაიმე განვითარებამდე მისასვლელად ჯერ ამ მომაკვდინებელი დეპრესიის დაძლევა უნდა იყოს მთავარი და საყოველთაო ეროვნული მიზანი!

 

ანტი--დეპრესიული პოლიტიკა განსაკუთრებული, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას თხოულობს. უწინარეს ყოვლისა იმას, რომ მასობრივი და რეალურად სახელმწიფოსგან წახალისებული ოფიციალური მათხოვრობა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს!

 

ყველას, ვისაც სახსარი არ გააჩნია და ლუკმა ენატრება, რასაკვირველია, სახელმწიფო უდავოდ უნდა დაეხმაროს; მაგრამ მათხოვრული, მუქთა და არამი ლუკმის გადაგდება დახმარება არ არის - ეს უარესია! მატერიალური სახსარის მოპოვების ერთადერთი საფუძველი შრომა და მხოლოდ შრომა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა ყოველგვარი შრომა ფიზიკურად შეუძებელია) უნდა გახდეს!

 

ვისაც რა შეუძლია და როგორც შეუძლია, თუ მთლად შეუძლო და დავრდომილი არ არის, ხელი უნდა გაატოკოს და საკუთარი ოფლით მოიპოვოს სარჩო.

 

ის ერთი ლარიც, თუნდაც ერთი ლუკმაც კი, რომელიც შრომით მოიპოვება, ათასჯერ უფრო ძვირფასი და, ფასეულია მათხოვრულ ლუკმაზე! შრომით მოპოვებული ლუკმა წამალია, ხოლო არამად და მათხოვრობით - საწამლავი!

 

არსებობს სხვადასხვა პრქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება მსგავსი ღრმა დეპრესიიდან წარმატებით განკურნებისა. ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც რუზველტის მიერ "საზოგადოებრივი სამუშაოების" შემოღება!

 

ყველა, ვინც საარსებო შემწეობას თხოულობს და ამის ოდნავი მაინც ფიზიკური შესაძლებლობა აქვს, ასეთ საზოგადოებრივ სამუშაოებში უნდა იქნეს ჩაბმული, რომ დამბლის მდგომარეობიდან გამოვიდეს და დაუყვედრებელი, ალალი ლუკმა, როგორც წამალი, ოფლით მოიპოვოს!

 

ტეგები: სოციალური თემა