დღის პოსტი
,,მწარე რეალობა" - გურამ სანადირაძის ბლოგი
გურამ სანადირაძე ◯ September 04,2017

მწარე რეალობა - ტერიტორიების მონიშვნა (ნაწილი პირველი)

 

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და რუსეთის პრეზიდენტის   საპასუხო ვიზიტი აფხაზეთში ადასტურებენ უცილობელ ფაქტს - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ამერიკამ და რუსეთმა  საქართველო გაიყვეს გავლენის ზონებად. თუ აქამდე ეს გაყოფა არ იყო გაფორმებული, რაც ძირითადად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაურკვევლობით იყო გაპირობებული, მას შემდეგ, რაც ზესახელმწიფოები ხელახლა შეეჭიდნენ ერთმანეთს და გაჩაღდა ახალი ცივი ომი, სიტუაცია საბოლოოდ გაირკვა - „ბირთვი“ საქართველო არის ამერიკის გავლენის სფეროში, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ერგო რუსეთს. ლიდერების ვიზიტები სხვა არაფერია, თუ არა მათი კუთვნილი ტერიტორიების მონიშვნა (ბიოლოგიური ფორმითაც).

 

საქართველოს გაყოფა გაფორმდა როგორც status quo ante bellum (იგულისხმება მდგომარეობა ცივი ომისათვის). გაყოფა არ არის სამართლებრივად სრულყოფილი, ვინაიდან არ არსებობს დაზავების ხელშეკრულება (მას ვერ ვუწოდებთ de jure-ს), მაგრამ ახალმა ცივმა ომმა ეს რეალობა მტკიცედ დააფიქსირა. ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბალტიის ქვეყნების ანალოგიურია - ამერიკა არ სცნობდა მოსკოვის მიერ ამ ქვეყნების ანექსიას და მოთმინებით ელოდა ცივი ომის დამთავრებას. ჩვენი სტატუს ქვოც მხოლოდ ცივი ომის დასრულებისას დაირღვევა. ეს კი უცბად ვერ მოხდება (რეიგანის ანტისაბჭოურმა სანქციებმა შედეგი მხოლოდ მეშვიდე წელს გამოიღეს). ასე, რომ მოგვიწევს ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრის „ბორდერიზაციაც“ ამას ადასტურებს - რუსეთი ამაგრებს და აზუსტებს („აცოცებს“) თავის სამხრეთ საზღვარს.

 

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ დაქუცმაცდა დამოუკიდებელი საქართველო? განა მხოლოდ გარე ფაქტორებმა გადაწყვიტეს ჩვენი ბედი? სად დავუშვით საბედისწერო შეცდომა?

 

უნდა ვაღიაროთ მწარე სიმართლე. საქართველოს დაშლა არის 1991-92 წლების მიჯნაზე რუსების დახმარებით განხორციელებული სამხედრო გადატრიალების ლოგიკური შედეგი. ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ლოზუნგებით აღჭურვილი პოლიტიკური  ძალები მოქმედებდნენ მხოლოდ ერთი პრინციპით - ეროვნული ხელისუფლების ჯიბრზე და მის წინააღმდეგ (სწორედ აღნიშნული გადატრიალებაა ჩვენი ხელისუფლების წყარო მთელი 25 წლის განმავლობაში). შედეგებიც შესაბამისია. სახელმწიფო საბჭომ დაგმო თბილისსა და სოხუმს შორის 1991 წლის აფხაზეთის საარჩევნო შეთანხება (მას აპარტჰეიდი უწოდა) და წამოიწყო აფხაზური ავანტურა. ფინალი ვიცით - 1994 წლის მოსკოვის მაისის ხელშეკრულებით აფხაზეთი ფაქტიურად გამოეყო საქართველოს. ანალოგიურად, ეროვნული ხელისუფლების მიერ სრულიად კანონიერად გაუქმებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რაც დადასტურდა კიდეც ჩვენი გაეროში გაწევრიანებით, საქართველოს პარლამენტმა აღადგინა 2007 წელს (მხარი დაუჭირეს ნაციონალებმა, რესპუბლიკელებმა და ახალმა მემარჯვენეებმა, სხდომას თავმჯდომარეობდა ნინო ბურჯანაძე).

 

რუსეთის მომხმარებლური დამოკიდებულება შეთანხმებებისა და  ხელშეკრულებების მიმართ საყოველთაოდაა ცნობილი. მაგრამ, მიუხედავად ჩვეული ავი ზნისა, მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს მიწურულს, აფაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათი საზღვრების დადგენისას, იხელმძღვანელა სამართლებრივი დოკუმენტებით - აფხაზეთის თაობაზე 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით (კოდორის ქართული ანკლავი არ ჯდებოდა ამ ხელშეკრულებაში), და საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წელს მიღებული სამხრეთ ოსეთის აღდგენის აქტით. სწორედ იმიტომ დასჭირდა მოსკოვს სამართლებრივი აქტების მოშველიება, რომ მანამდე, საქართველოს გაეროში გაწევრიანებისას, მან იცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

 

დღეისათვის საქართველოს გაყოფა, როგორც ვთქვით, გაფორმებულია და არა მგონია პიკეტირებამ და მუშტების ქნევამ რამე შეცვალოს. მოგვიწევს მოთმენა. დაველოდოთ ახალი ცივი ომის დამთავრებას, რომელიც არა მგონია რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს.  თუმცა დამარცხებაც არის და დამარცხებაც. თუ ეს ცივი ომიც  „გეოპოლიტიკური კატასტროფით“ დასრულდა, მაშინ რუსეთი იძულებული იქნება მთლიანად დასტოვოს კავკასია, რაც ჩვენს რეგიონში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას შექმნის. ხოლო თუ პუტინის მმართველობა „გეოპოლიტიკურ კატასტროფამდე“ შეწყდა, მაშინ ცივი ომი უფრო მშვიდად, გარიგებით დასრულდება. გავიხსენოთ, ყირიმის ომის დროს, როცა რუსეთი მთელს ევროპას იყო დაპირისპირებული, მას ექადნებოდნენ, რომ მთლიანად წაართმევდნენ შავი ზღვის სანაპიროს, მაგრამ ნიკოლოზ პირველის ნაადრევმა სიკვდილმა (თუ თვითმკვლელობამ), ვითარება შეცვალა. ალექსანდრე მეორემ ევროპასთან საპატიო ზავს მიაღწია (მხოლოდ შავი ზღვის ფლოტის ყოლა აუკრძალეს). ჩვენს შემთხვევაში, მოვლენათა ამგვარი განვითარებისას, უცნობია, რა იქნება გარიგების საგანი, მხოლოდ ყირიმი თუ ყირიმი და ჩვენი ტერიტორიები. 

 

ტეგები: პოლიტიკური თემა