დღის პოსტი
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (II ნაწილი)
ნიკოლოზ სანებლიძე ◯ April 03,2017

I ნაწილი იხილეთ ლინკზე.

 

საქართველოს კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც  მრავალწილად ანსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სახეს, პოლიტიკურ კურსს, საშინაო ვითარებასა და საერთაშორისო მიმზიდველობას. მასში უნდა აისახოს ქართველი ერის ამჟამინდელი თვითშეგნება და თვითშეფასება

 

5. მიწასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხების კონსტიტუციური მოწესრიგების აუცილებლობა უკვე არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. გამოითქვა ძალზე საგულისხმო მოსაზრებები მიწის ფუნდამენტური ღირებულებითი რაობის შესახებ და მისი ფლობისა და გასხვისების პრინციპთა თავისებურებებზე. ყურადღება გამახვილდა აუცილებელ შეზღუდვებზე, რომელიც თან უნდა ახლდეს დღევანდელ საქართველოში მიწის ყიდვა-გაყიდვისა და გასხვისების პროცესებს. ბატონების პაატა კოღუაშვილის, დავით ზარდიაშვილისა და სხვათა კარგად გააზრებულ მრავალმხრივ არგუმენტებს არსობრივად არაფერს დავუმატებთ. ყურადღებას მივაქცევთ მხოლოდ იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ მიწის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილი გადაწყვეტილებათა შემდეგ, აუცილებელი შეიქნა კონსტიტუციური ნორმის არსებობა, რომელიც მიწის გასხვისებას მკაცრ ჩარჩოებში მოაქცევს. სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა შესაძლო პრეტენზიებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მიწების მათთვის კერძო მფლობელობაში გადაცემის თაობაზე. სასურველია, რომ ამგვარი კონსტიტუციური ნორმა არ სცნობდეს რაიმე გამონაკლისს, გარდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით გამოწვეული გამოწვეული შემთხვევებისა.

 

6. უკანასნელ ხანს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვიჩვენეს, რომ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტების ჩარევის შედეგად შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა ერთსულოვანი პოზიცია. ამასთან, საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საკითხზე, რომელიც ევროპული სასამართლოს მაღალი ყურადღების ღირსი აქამდე არ გამხდარა. ეს კი აბათილებს იმ არგუმენტს, რომ, თითქოს საქართველოს კანონმდებლობაში - ფიქსირების  მიზეზით - არ არის აუცილებელი ქვეყნის კონსტიტუციაში შევიტანოთ მუხლი ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი თანასწორუფლებიანი კავშირის შესახებ. ვფიქრობთ, ექსპერიმენტები ოჯახის სხვაგვარად მოწყობის შესახებ უმჯობესია უფრო მრავალრიცხოვან და ნივთიერად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ხალხებს დავუთმოთ. საქართველოს მოსახლეობის რიცხვი სხვადასხვა მიზეზთა გამო დრამატულად შემცირდა. ამიტომ ოჯახის შექმნა დღევანდელ საქართველოში არსობრივად უნდა დაუკავშირდეს ქართული გენოფონდის შენარჩუნებასა და შთამომავლობის მიღების ამოცანებს. ვფიქრობთ, ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც საქართველოს ხელისუფლებამ არ შეიძლება მოადუნოს ყურადღება ან ორჭოფული, მომლოდინე პოზიცია დაიკავოს რაგინდარა კეთილგონივრული არგუმენტით. სადღეისოდ შექმნილი დემოგრაფიული, სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს.

 

7. შეცვლას საჭიროებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში არსებული მითითება საქართველოს საზღვრების 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით დადგენის თაობაზე. ცხადია, ეს ჩანაწერი უკავშირდება საკითხს, თუ როდიდან არის საქართველო დამოუკიდებელი და ზოგადად, რა პროცესები უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას. 21 დეკემბერზე მითითება საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს აკავშირებს იმ დაშლით პროცესებთან, რომელიც მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 80-იანი წლების ბოლოდან და რასაც 1991 წლის დეკემბერში თავად საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. ამასთან, დაქუცმაცების  პროცესები ამ ტერიტორიაზე დღესაც არ დასრულებულა.

 

ვფიქრობთ, საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიისა და საზღვრების დაკავშირება საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესთან არც სამართლებრივად და არც ფაქტიურად გამართლებული არ არის. ამიტომ 21 დეკემბერი უნდა შეიცვალოს 1991 წლის 9 აპრილით. მართლაც, საქართველოს დამოუკიდებლობა (და  შესაბამისად ტერიტორიაც და საზღვრებიც), ემყარება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებსა და 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს (და სხვა რამ საფუძველი კონსტიტუციაში მითითებული არ არის). ამიტომაც, ბუნებრივია სწორედ 1991 წლის 9 აპრილი იყოს ის დროითი პარამეტრი, საიდანაც აითვლება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და დგინდება მისი სივრცითი მახასიათებლები. ამ ლოგიკური არგუმენტის გარდა არსებობს სხვა საგულისხმო პოლიტიკური, სამართლებრივი და კონცეპტუალური გარემოებანი, რომლებიც სწორედ 9 აპრილს უჭერენ მხარს. მათი ამომწურავი ანალიზი ჩვენს ამჟამინდელ ამოცანებს მკვეთრად სცილდება, თუმცა ზოგიერთ არსებით მომენტზე ყურადღების გამახვილება აუცილებლად მიგვაჩნია.

 

ქართველი ხალხის ბრძოლამ თავისუფლებისათვის საბჭოთა იმპერიას უდიდესი პრობლემები შეუქმნა მთელი მისი არსებობის მანძილზე. საქართველოს ეროვნულმა ძალებმა, სხვა ხალხების წარმომადგენლებთან ერთად გადამწყვეტი დარტყმები მიაყენეს მას 80-იანი წლების ბოლოს. სამწუხაროდ, გავრცელებულია აზრი, რომ ეს ბრძოლა გაუაზრებელ,  ერთგვარ დონკიხოტურ ხასიათს ატარებდა. თითქოს სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამგვარი შეხედულება მოკლებულია სათანადო სიღრმესა და ხედვის ჰორიზონტს.

 

საქმე ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და თავად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი სულ სხვაგვარი კონცეფციის ხორცშესხმის შედეგია და სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ საფუძვლებსა და პროცესებს ემყარება. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა, საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების გადამწყვეტ ეტაპზე, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო ბრძოლას (რომელიც წუთითაც არ შეწყვეტილა და 1990-91 წლებში განსაკუთრებული უკომპრომისობით გამოირჩეოდა), სამართლებრივი მიმართულება მისცეს (თავად არჩევნებში მონაწილეობაც ამ ეტაპის დაწყების მაუწყებელი იყო). კანონი და სამართალი არასდროს ყოფილა რუსეთის იმპერიის ძლიერი მხარე (ეს განსაკუთრებით ბოლშევიკურ იმპერიაზე ითქმის). საქართველოსთან მიმართებაში კი მას არ გააჩნდა (და არც სადღეისოდ აქვს) არცერთი მეტ-ნაკლებად ძალმოსილი იურიდიული არგუმენტი. საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ მომარჯვებული სამართლებრივი მიდგომა გულისხმობდა ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ უკანონო აგრესიისა და ოკუპაციის ფაქტის საყოველთაოდ აღიარებას და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის ბრძოლას, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით უნდა დაგვირგვინებულიყო (ოკუპაციას საქართველოს ამიერკავკასიის ფედერაციაში გაერთიანება, 1922 წლის 30 დეკემბერს კი ამ ფედერაციის საბჭოთა კავშირში ინკორპორაცია მოჰყვა). ამ უკანონო ქმედებებით ბოლშევიკურმა საბჭოთა რუსეთმა დაარღვია ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მოხდა საქართველოში უკანონოა, იურიდიული ძალის არმქონე და ოდენ შიშველი ძალადობის შედეგს წარმოადგენს. საბჭოთა კავშირის შექმნასთან და მასში განვითარებულ პროცესებთან (მათ შორის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განვითარებულ დაშლის პროცესებთან) სამართლებრივი კავშირი მას არ გააჩნია.

 

ამ კონცეფციას შეუვალ სიმტკიცეს სძენს კომუნისტური საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 მარტის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები, რომელთა ძალითაც ქართველმა კომუნისტებმა საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში უკანონოდ სცნეს საკუთარი ხელისუფლება 1921 წლის თებერვლის შემდგომ. სწორედ ამიტომ საქართველოს არც საბჭოთა კავშირის შექმნაში და არც მის დაშლაში სამართლებრივ- ნებაყოფლობითი მონაწილეობა არ მიუღია. მისი დამოუკიდებლობის აღდგენის საწყისი ვადა კი არის 1991 წლის 9 აპრილი (როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა).

 

ეს საფუძველმდებელი ვითარება იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1991 წლის დეკემბერში უარი განაცხადა ალმა-ათის პროცესებსა და დსთ-ს დაფუძნებაში მონაწილეობაზე, ვინაიდან ეს პოლიტიკური სტრუქტურა (დსთ) საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ჩამოყალიბდა, საქართველოს დამოუკიდებლობა კი ამ პროცესთან სამართლებრივად (და 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ - მნიშვნელოვანწილად - რეალურადაც), არსობრივად მიბმული არ ყოფილა. დსთ-ში შესვლა ნიშნავდა, ერთის მხრივ, სუვერენიტეტის შეზღუდვას, მეორეს მხრივ, კი (და ეს უფრო მნიშვნელოვანია), საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი დაშლის პროცესებთან საქართველოს მიბმას. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას (და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას) ძვირად დაუჯდა, მაგრამ მისი შედეგები ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და ცხოველმყოფელია დღესაც.

 

2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის დამოუკიდებლობის ცნობის დროს რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი არგუმენტი იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვის ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ავტონომიურ წარმონაქმნებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება მიეცათ. ზოგადად, საქართველოს შემადგენელ ნაწილებთან მიმართებაში რუსეთი ხშირად აპელირებს საბჭოთა კავშირთან მათი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულების არგუმენტით. ყოველივე ზემოთქმულნი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის ამგვარი პოზიციის საპირისპიროდ, საბჭოთა კავშირში მიღებულ სამართლებრივ აქტებს ამ პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან (და უფრო ადრეც, 1921 წლიდან მოყოლებული), არა აქვთ ძალა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

 

ამ პრინციპისათვის საქართველოს პირველი მოწვევის უზენაეს საბჭოს არასდროს უღალატია. 1990 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მან გააუქმა საბჭოთა კავშირის შექმნამდე ბოლშევიკური რუსეთის ორგანოთა მიერ დეკრეტირებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ამავე სულისკვეთებით იყო გამსჭვალული პრეზიდენტების ზ.გამსახურდიასა და ბ.ელცინის შეხვედრა ყაზბეგში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების მართლზომიერებაზე იყო საუბარი ანუ რუსეთმა უკან წაიღო თავისივე უკანონო გადაწყვეტილება, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი და იმავდროულად უარყო ჯერ კიდევ 1920 წლის 23 მარტს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის სამხრეთის კომიტეტის მიერ ქალაქ როსტოვში მიღებული ბრძანებულება („указ“) სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საბჭოთა გამოსვლების დაწყების თაობაზე (რაც, ცხადია დამოუკიდებელი საქართველოს შინაურ საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენდა). ამ მიდგომის სულისკვეთების გამოხატულებაა უზენაესი საბჭოს მიერ გარდამავალი პერიოდის გამოცხადება, რომელიც ფაქტიურად 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით დასრულდა. ამავე მიზეზით ზვიად გამსახურდიას, არც როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, არც როგორც პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის არც ერთი სტრუქტურის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომაც ჰქონდა საქართველოს პრეტენზია, რომ 1991 წლის სექტემბერში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ბალტიის ქვეყნებთან ერთად მიეღო დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, მაშინდელმა საერთაშორისო კონიუნქტურამ (ჯერ კიდევ ძალაში მყოფმა მალტის შეთანხმებამ) და ქვეყნის შიგნით განვითარებულმა მოვლენებმა (რაც 1991 წლის 2 სექტემბრის პროვოკაციით დაიწყო), ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა. არც ის იყო შემთხვევით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს მოსული ხელისუფლება დაბეჯითებით მიუთითებდა სამართლებრივი უწყვეტობის პრინციპზე 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან მიმართებით, რამაც სათანადო ასახვა ჰპოვა კიდეც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში.

 

არსებობს კიდევ ბევრი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოს საზღვრები 1991 წლის 9 აპრილისა და არა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით დადგინდეს, მაგრამ ვფიქრობთ, ზემოთქმულიც საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ 1991 წლის 21 დეკემბერი საქართველოს საზღვრებს (და არაპირდაპირ ქვეყნის დამოუკიდებლობას) უკავშირებს საბჭოთა კავშირის დანაწევრებას და, შესაბამისად, ირიბად ახდენს იმის კონსტატაციას, რომ ტერიტორიული პრობლემები, რომლებიც საქართველოში სადღეისოდ არსებობენ იმპერიის დაქუცმაცების ლოგიკური შედეგია.  შეგახსენებთ, რომ 1995 წლის კონსტიტუციის მიღების დროს საქართველოში მოქმედებდა ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველო ჩაეთრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე დაშლის პროცესებში (სამწუხაროდ, ამ მდგომარეობიდან დღესაც ვერ გამოვსულვართ). 1991 წლის 21 დეკემბერზე მითითება კი ამ დამანგრეველი  მოვლენების კონსტიტუციის დონეზე სამართლებრივი დაკანონების მცდელობაა. ვფიქრობთ, ამ ტვირთისაგან გათავისუფლება სრულიად აუცილებელია.

 

(პარაგრაფი N7 დაიწერა 2017 წლის 22 თებერვალს ბატონი გელა ჩორგოლაშვილის მიერ წაკითხული მოხსენების დასკვნებისა და სულისკვეთების გათვალისწინებით).

 

 

ტეგები: პოლიტიკური თემა