დღის პოსტი
რას უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია (I ნაწილი)
ნიკოლოზ სანებლიძე ◯ April 03,2017

საქართველოს კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც  მრავალწილად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სახეს, პოლიტიკურ კურსს, საშინაო ვითარებასა და საერთაშორისო მიმზიდველობას. მასში უნდა აისახოს ქართველი ერის ამჟამინდელი თვითშეგნება და თვითშეფასება. ჩამოყალიბდეს ის მიზნები და ამოცანები, რომელსაც ამ ეტაპზე ისახავს საქართველოს მოსახლეობა. აქედან გამომდინარეობს პასუხისმგებლობა, რომელსაც კონსტიტუციური ცვლილებები და მით უმეტეს, მისი ახალი რედაქცია აკისრებს არა მარტო საკონსტიტუციო კომისიასა და პოლიტიკურ ელიტას, არამედ თითოეულ ჩვენგანსაც. როგორც ახლო წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, პასიურობა და მოქალაქეობრივი გულგრილობა ძალზე ძვირად გვიჯდება. კონსტიტუციურმა ცვლილებებმა შესაძლოა შექმნან, როგორც ვითარების საგრძნობლად გაუმჯობესების, ისე მისი მკვეთრად გაუარესების პირობები. არასასურველი შედეგი დადგება იმ შემთხვევაში, თუ რეალურად არსებული საშინაო და საგარეო მდგომარეობის, აგრეთვე მოსახლეობის ფუნდამენტური განწყობის გათვალისწინების ნაცვლად გაგვიტაცებს აბსტრაქტული მსჯელობები სხვადასხვა კონსტიტუციურ მოდელზე და მათ ავკარგიანობაზე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზულად დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები. ამიტომ უპირველესად საჭიროა იმ გარემოებათა ჩამოთვლა და გაანალიზება, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოში სადღეისოდ შექმნილ მდგომარეობას.

 

1. დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს უმნიშვნელოვანესი ვითარება განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციაში მრავლად არის ე.წ. პირობითი მუხლები, ანუ იმგვარი პარაგრაფები, რომლებიც ამოქმედდება მხოლოდ ტეროტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ეს ნორმები ეხება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიც არის ძალაუფლების, ტერიტორიული მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის, აგრეთვე სხვა საფუძველმდებელი პოზიციები. მითითებული გარემოებანი გაურკვევლობის უშრეტ  წყაროს წარმოადგენს და ჩვენი ამოცანაა, შეძლებისდაგვარად გავფანტოთ ეს ბურუსი, სამართლებრივად მაინც. ბუნებრივია, ჩნდება სურვილი კონსტიტუციაში აისახოს ის განზრახულებანი, რომლებიც არსებობენ ქვეყნის ტერიტორიული და სამართლებრივი მოწყობის მიმართ. თანაც ეს ცვლილებები წარმოვაჩინოთ, როგორც მიმზიდველნი  მოწყვეტილი ტერიტორიების მოსახლეობისათვის.

 

ზემოთქმულის მიუხედავად, მოვალენი ვართ, მთელი სისრულით გავითვალისწინოთ შექმნილი ვითარება. იგი კი ძალზე რთული და დრამატულია. საქმე ის გახლავთ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისაგან დღეს ძალზე შორს  ვართ. საქართველოს ხელისუფლებას არ ძალუძს ამ მიმართულებით მოვლენებზე მკვეთრად სასიკეთო გავლენის მოხდენა. ასეთ დროს, უფრო საფრთხილო ის არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა ზიანი არ მოიტანონ. ამასვე გვიდასტურებს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში წარმოქმნილი ერთგვარი ვაკუუმი და გაურკვევლობა. საერთაშორისო კონიუნქტურა იცვლება, ამ ცვლილებების მიმართულებანი და ფინალური სტრუქტურა ძნელად გამოსაცნობია. საქართველო კი ძალიან არის მასზე დამოკიდებული სწორედ ტერიტორიული მთლიანობის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. უნდა ითქვას ისიც, რომ ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე პოტენციური პარტნიორისათვის თუნდაც ძალზე მიმზიდველი წინადადების უზენაეს კანონად ქცევა გაუფრთხილებელი ნაბიჯია და სულ მცირე, ცალმხრივი დათმობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მით უმეტეს, რომ პოტენციური პარტნიორები სულაც არ არიან ჩვენ მიმართ კეთილად განწყობილნი და დაუცხრომლად ცდილობენ ჩვენს პოზიციაში სუსტი კვანძების პოვნას. შექმნილ ვითრებაში უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით, ,,ჯერ მოლაპარაკება და შემდეგ კონსტიტუციური ცვლილებები“  და არა პირიქით.

 

ცხადია, ჩვენ აქ არ ვეხებით საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ამგვარი მოლაპარაკების სუბიექტი (თუ სუბიექტები), არც მოლაპარაკებათა შესაძლო ფორმატს განვიხილავთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წინ უნდა უსწრებდეს საკონსტიტუციო ნორმას. რასაკვირველია, ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ძვრებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ. ამასთან, გარკვეული დროა საჭირო, როგორც ამ ხელშეკრულების ასამოქმედებლად, ისე მისგან მოსალოდნელი საქართველოსთვის სასარგებლო ცვლილებების დადგომა-დემონსტრირებისათვის. ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაციამ მომგებიანი პირობები უნდა შექმნას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებათა დასაწყებად, თუმცა იგი ვერ იქნება საკმარისი საფუძველი იმ კონსტიტუციური ნორმების დაუყოვნებლივ შემოსაღებად და ასამოქმედებლად, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს განსაზღვრავენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მივიჩნევთ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ე.წ. ჯერარსული მუხლები არსებითად უცვლელი უნდა დარჩეს.

 

2. პარტიები საქართველოში მრავალრიცხოვანნი და უკიდურესად სუსტნი არიან. მათ არა აქვთ საშუალება, რეალური გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. მით უმეტეს, არ ძალუძთ ამ მოვლენათა ფორმირება და სასურველ კალაპოტში წარმართვა. პოლიტიკური აქტიურობა პარტიების მხრიდან მხოლოდ სპორადულ ხასიათს ატარებს და ძირითადად წინასაარჩევნო და კამპანიური ხასიათი აქვს. პოლიტიკური პლატფორმები კი უმრავლეს შემთხვევებში, სოციოლოგიურ გამოკველევებს ეყრდნობა, რომელთა წარმართვის ხასიათი და შედეგის სიზუსტე დიდ ეჭვებს იწვევს. ქცევის ამგვარი წესის გამო, პოლიტიკური პარტიები იმ მცირე შესაძლებლობასაც  ვერ იყენებენ, რომელიც მათ აქვთ.

 

ზოგადად უნდა ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს 25 წლიანი ისტორიის მანძილზე პოლიტიკურ გაერთიანებებს მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჰქონდათ  რეალური გავლენა და მარტო ერთხელ, 1992-1995 წლების პარლამენტში შეასრულეს მათ მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი საქართველოს კონსტიტუციის მიღებით. იმ დროისათვის კონსტიტუცია  წარმოადგენდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალთა რეალური შეთანხმების შედეგს, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო და ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა. 

 

1995 წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზთა გამო, პარტიები დაკნინდნენ, მოხდა მათი ფრაგმენტაცია და დასუსტება. ჩვენს მიზანს არ შეადგენს ამ დაღმავალი პროცესის აღწერა ან გამომწვევი მიზეზების ძიება. ვიტყვით მხოლოდ, რომ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურაში დღემდე არ არსებობს საშუალო მწარმოებელი ფენა, რომლის გარეშეც ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების არსებობა და წარმართვა ძნელი წარმოსადგენია. პარტიები ნაწილობრივ ამ ვითარების შემქმნელნიც არიან და მისივე მსხვერპლადაც გვევლინებიან. საქართველოს მოსახლეობის სოციალური სტრუქტურის დიფუზიურობაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის გამოისობითაც პარტიები ვერ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა მეტ-ნაკლებად  მნიშვნელოვანი ჯგუფის ინტერესებს.

 

შედეგად მივიღეთ ის, რომ პარლამენტში შემავალი ძალები ფაქტიურად არ წარმოადგენენ მდგრად პოლიტიკურ გაერთიანებებს, ხოლო დეპუტატებს არ გააჩნიათ საზოგადოებრივი და პარტიული საქმიანობის საგრძნობი გამოცდილება. მათი უმრავლესობა ამომრჩევლისათვის უცნობია როგორც პოლიტიკური სუბიექტი და პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ, ჩვეულებრივ, გაურკვეველი მიმართულებით იკარგება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ფაქტიურად აღარ ეწევიან საჯარო-პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობას. დღევანდელი საკანონმდებლო ორგანოც არ არის გამონაკლისი. მმართველი ძალის დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის წესი სრულიად გაუგებარი დარჩა მოსახლეობისათვის. მათი უმრავლესობის პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი არ იცნობდა და არ იცნობს. იგივე ითქმის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებზეც. რაც შეეხება უმთავრეს ოპოზიციურ პარტიას, მან ეს ესაა გადაიტანა უმძიმესი კრიზისი და უცნობია, როგორ გაუმკლავდებიან მისი ნაწილები ამ მდგომარეობას. უფრო მოსალოდნელი მათი შემდგომი დასუსტებაა.

 

ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული კრახი განიცადეს იმ ძალებმა, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ საზოგადოებრივ  გავლენაზე და თითქოს მკვეთრად  ჩამოყალიბებული პოზიციაც  ეკავათ. 2016 წელს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ზემოთქმული თვალნათლივ დაადასტურა. ამ გაერთიანებების ნაშთებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ პარტიული მშენებლობის  მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში (და ეს უფრო მოსალოდნელია), ისინი გაქრებიან პოლიტიკური არენიდან.

 

ყოველივე ზემოთქმულის გამო, ათეული წლების განმავლობაში საპარლამენტო ცხოვრებამ  საქართველოში სრულიად შეუფერებელი ხასიათი მიიღო. პარლამენტარები არ გრძნობენ თავს პასუხისმგებლად იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებენ და უპირატესად, ოდენ ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესებით მოქმედებენ. უმრავლეს შემთხვევაში, ისინი მითითებებს იღებენ საკანონმდებლო ხელისუფლების გარეთ მოქმედი ძალებისაგან და მათ ნებას უსიტყვოდ ასრულებენ. საზოგადოებამ კი არ იცის, თუ ვის და როგორ მოსთხოვოს  პასუხი. ამგვარი მდგომარეობა წლების განმავლობაში, კიდევ უფრო ნათლად იკვეთება.

 

ამ არასახარბიელო  ვითარების გამოსწორებას ხანგრძლივი დრო და არც თუ მცირე  სახსრები სჭირდება. აუცილებელია სერიოზული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რათა პოლიტიკური ძალები გამოვიდნენ ამ სავალალო მდგომარეობიდან და საზოგადოებრივი ცხოვრება საქართველოში ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს. პარტიები უნდა მიეჩვიონ გამჭვირვალე, საჯარო და იმავდროულად ყოველდღიურ მუშაობას. მათ საკუთარი რიგებიდან უნდა წამოსწიონ ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ლიდერები და ჯგუფები. ამის გარეშე მათთვის ხელისუფლების გადაცემა სრული უპასუხისმგებლობაა და ამგვარი ქმედება სერიოზულად დაემუქრება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს.

 

3. სასამართლო ხელისუფლება ძალაუფლების შტოებს შორის ერთადერთია, რომლის წყვეტაც 1991-1992 წლების გადატრიალების შედეგად არ მომხდარა. ამ მნიშვნელოვანი უპირატესობის მიუხედავად, სასამართლოში შექმნილი ვითარება უაღრესად რთულია და სერიოზულ რეფორმებს საჭიროებს. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე არ არის არც ერთი რეზონანსული საქმე, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც, სრულად დააკმაყოფილებდა საზოგადოების მოლოდინსა და სამართლის უზენაეს ნორმებს. მრავალი სოციოლოგიური გამოკვლევის (რომლებიც უფრო კონიუნქტურულ ხასიათს ატარებდნენ) დამამშვიდებელი შედეგების მიუხედავად, ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაბალია, ეს კი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას და კანონის უზენაესობას საქართველოში. ამ ბოლო დროს ზოგი შემაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომაც (ეს განსაკუთრებით მიწის გასხვისების შესახებ დადგენილებას ეხება). ვითარების გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს ის გარემოება, რომ ადამიანები, რომლებიც მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად არიან დაკავშირებულნი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან და კარგად გამოხატული პარტიული სიმპათია-ანტიპათიები გააჩნიათ, პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტისთანავე  ხდებიან  უზენაესი  სასამართლოს წევრები.

 

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი თეზისი, სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის შესახებ, იქცევა ხოლმე საფარველად სამართლოებრივი შეცდომებისა და თვითნებობისათვის, რისი შემთხვევებიც მრავლად შეგვიძლია გავისხენოთ. ამგვარ პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კავშირის შენარჩუნება, რაც სასამართლო ხელისუფლებასა და  ხელისუფლების სხვა შტოებს (განსაკუთრებით პარლამენტს) შორის არსებობს. არ უნდა შეიქმნას ვითარება, როდესაც სასამართლო თვითკმარ სტრუქტურად გადაიქცევა, რომელსაც არა აქვს ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალქეებისა და მათი სრულუფლებიანი წარმომადგენლების მიმართ.

 

მეორეს მხრივ, ცხადია უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსამართლის სრული დამოუკიდებლობა. უნდა შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რათა გადაწყვეტილების მიღების დროს კანონის უზენაესმა წარმომადგენელმა მხოლოდ სამართლის ნორმებით და საკუთარი სინდისის  კარნახით იხელმძღვანელოს. 

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სადღეისოდ მიუღებელი ჩანს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წესი. ზემოთ მითითებული გარემოებანი, ვფიქრობთ, ადასტურებენ ჩვენს ამ შეხედულებას. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მათთვის რამდენიმე ათეული წლის მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობის დაკისრებას ნიშნავს. თანაც, შექმნილი ვითარების გამო, დიდია საზოგადოებრივი ინტერესი და მომთხოვნელობა სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ, რაც ხშირად მოსამართლეთა სულიერი ძალებისა და სიმტკიცის უდიდეს გამოცდად იქცევა ხოლმე. გასაგებია, რომ ესოდენ მძიმე „მოთხოვნათა კალათის“ აწევა უვადოდ საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ მოსამართლეთა კორპუსის საგრძნობლად ახალგაზრდა ასაკს საქართველოში, კიდევ უფრო ცხადი გახდება ჩვენი პოზიციის მართებულობა. ასეთ პირობებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნა სასამართლო ხელისუფლებიდან ,,ამოაგდებს“ შემდგომ ორ თაობას მაინც. პოსტინდუსტრიულ ეპოქაში, როდესაც ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება, ამის დაშვება არ შეიძლება.

 

4. ძალზე თავისებური და რთულია საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქმედებს რუსეთის ჯარი, რომელიც ამ ტერიტორიების სრული ბატონ-პატრონია. ოკუპირებული ერთეულების შეიარაღებული ძალები ფორმალურადაც კი აღარ არსებობენ. ქვეყნის სამხრეთით, სომხეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს. ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მთლიანად აკონტროლებს რუსეთი (ამ მდგომარეობის დრამატული მნიშვნელობა კარგად გამოჩნდა 2008 წლის კონფლიქტის დროს), თანაც საქართველოს ამ ქვეყანასთან  დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გააჩნია. ზემოთ დასახელებული რუსული სამხედრო შენაერთები კი ე.წ. სამხრეთის სამხედრო ოლქს ემორჩილებიან, რომლის შტაბიც ქ. როსტოვში მდებარეობს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის შუალედურ სამხედრო რგოლს შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით უდიდესი ზიანი მოგვაყენოს და შეიარაღებული კონფლიქტიც გამოიწვიოს. შექმნილი ვითარება უაღრესად სახიფათოა, რაც განუჭვრეტელს ხდის ქვეყნის მომავალ ბედს. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო მდგომარეობის მკვეთრ გაურკვევლობას და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში მოსალოდნელ რყევებს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ სამხედრო სტრატეგიულ  მოქმედებებს, აგრეთვე ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გამართულ მუშაობას, როგორიც არის არმია.

 

ზოგადად უნდა ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა არ იჩენს საკმარის ყურადღებას სამხედრო საქმისადმი, არ ესმის მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ძალზე იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები (პარლამეტარები, მინისტრები და სხვა) საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნამდე ქართულ ჯარში იყვნენ ნამსახურები ან მათი შვილები და ოჯახის სხვა ახალგაზრდა წევრები ჩვენი ქვეყნის რეგულარული არმიის რიგებში იდგნენ.

 

სადღეისოდ აუცილებელია მკვეთრად ჩამოყალიბებული და ეფექტურად მოქმედი სამხედრო სტრუქტურის არსებობა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი სამხედრო - პოლიტიკური უფლებებით აღჭურვილი პირი ქვეყნის მოქალაქეთათვის  კარგად ცნობილი და მათთვის მისაღები პოლიტიკოსი იქნება. ვფიქრობთ, ზემოხსენებული გარემოებების გათვალსიწინება აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების დროს.

 

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ზოგადპოლიტიკური და სტრატეგიული არგუმენტები მიუთითებენ, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველოს სჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ხალხის მიერ არჩეული და მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პრეზიდენტი. სხვაგვარად ვერ მოვერევით უპასუხისმგებლობის სენს, რომელიც აშკარად ვრცელდება ხელისუფლების ყველა დონეზე. თანაც ვერ გავუმკლავდებით შესაძლო მაღალ სამხედრო-სტრატეგიულ რისკებს, რომელთა დიდი ძალაც ბოლო ხანს განსაკუთრებით საგრძნობი და შესამჩნევი გახდა.

 

გაგრძელება იხილეთ შემგედ  ბლოგში .

 

 

ტეგები: პოლიტიკური თემა