Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:04 13.10.2019
რა კავშირია ვახო სანაიას გასაიდუმლოებულ ქორწინებასა და საკრებულოს დეპუტატის ბრალდებებს შორის

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში კომენტარის გარეშე აქვეყნებს აგვისტოს თვეში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს: „კომენტარის გარეშე! ახლა გასაგებია სანაიას გადაცემის პათეტიკა!“ ლაპარაკია TV-პირველის საავტორო გადაცემაზე, სადაც ვახო სანაია, როგორც მხარე, ისე ჩაერთო დისკუსიაში, რომლის საპირისპიროდ ქალზე ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი იყვნენ. როგორც გაირკვა, ვახო სანაიას ახალი მეუღლეც „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. 


აქვე გთავაზობთ “კვირა პლუსის” ინფორმაციას ამ თემაზე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვახო სანაია დაქორწინდა, სანაიას ქორწინების შესახებ სოცქსელში მისი ყოფილი მეუღლე, ნათია გაბუნიაც წერს: “დამშვიდდით, ხალხო! გადაიჭედა ჩემი “ინბოქსი” შეკითხვებით, “სქრინებით”, ინტერპრეტირებული ამბებით. ჩემი და უნას გამო ამდენს თქვენ ნუ იღელვებთ. რაც შეეხება ფარულ ქორწილს “ჩექინის”გარეშე – ეს იმდენად სასაცილო და, ამავე დროს, ტრაგიკული ამბავია, თავისთავად ცხადს ხდის ამბავს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ქმარი ქალთა სოლიდარობისთვის “ხმალამოღებულ მებრძოლთან” მალულად რომ იქორწინებს და ამას “ინბოქსში” ჩაგდებული ფოტოთი გაიგებ. ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით – ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა.. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია სოცქსელში.

 

როგორც ჟურნალისტის ყოფილი მეუღლე წერს, სანაიამ “ქალთა სოლიდარობისთვის “ხმალამოღებულ მებრძოლზე” იქორწინა, თუმცა ვინაობას არ ასახელებს. “კვირა პლუსს”, ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ სანაიას ახლადშერთული მეუღლე, სტომატოლოგი თამარ ყურაშვილი, ერთ-ერთია იმ ქალბატონებისგან, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. ცნობისთვის, გასული წელს ზვიად დევდარიანი „ქალთა მოძრაობამ” სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში ამხილა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით “კვირა პლუსი” ვახო სანაიასთან დაკავშირებას ეცადა. სამწუხაროდ, სანაიას მობილური დღის განმავლობაში გამორთული აღმოჩნდა. თემის დასაზუსტებლად პოსტის ავტორს, ნათია გაბუნიას დავუკავშირდით, თუმცა მან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge