Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:24 20.09.2019
„ახლა ზოგიერთებს სურთ, წარმოაჩინონ, რომ ხაზარაძეც ერთი კაცია, ერთი ბიზნესმენია, ერთი მდიდარი საჯარო ფიგურაა და ბიძინაც - არა, მათემატიკა ყოველთვის არ არის ზუსტი მეცნიერება“

ჯაბა ხუბუას ბლოგი „კიდევ ერთხელ ხაზარაძისა და სერვანტესის ამბავი“:

 

დღეს ხაზარაძემ თქვა: ივანიშვილის მიერ რუსეთში ნაშოვნ ფულს არ აჰყვეთო. გამახსენდა ეს წერილი, რომელიც 7 თვის წინათ დავწერე და დავდე აქ:

 

დოჩანაშვილისა არ იყოს, მათემატიკა ყოველთვის არ არის ზუსტი მეცნიერება და ერთს მივუმატოთ ერთი ყოველთვის არ არის ორი. ვთქვათ, ქუჩაში დგას ნაფუფუნებარი, თვითკმაყოფილი ვიგინდარა, გვერდით კი უდგას სერვანტესი - ჩამოძენძილი, უნებურად ამაყი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი. ამ დროს მათემატიკოსმა თუ ჩამოიარა და ჰკითხეს - რამდენი კაცი დგას ქუჩაშიო, უპასუხებს - ორიო. ერთს პლუს ერთის ამბავში. ესე იგი, ის - ვიღაც თვითკმაყოფილი ვიგინდარაც ერთ კაცად ითვლება და ეს - უდიდესი მწერალი სერვანტესიც? არა, ჩემო კარგო, ყოველთვის არ არის მათემატიკა ზუსტი მეცნიერება. ხაზარაძის და ბიძინას ამბავიც ასეა. ზოგიერთები ისე წარმოაჩენენ, რომ ხაზარაძეს პირადად ბიძინა დაეტაკა და ეს არის ორი კაცის, ორი ბიზნესმენის, ორი მდიდარი საჯარო ფიგურის ჯახი. რატომ ორის?

 

ხაზარაძეც ერთი კაცია, ერთი ბიზნესმენია, ერთი მდიდარი საჯარო ფიგურაა და ბიძინაც ერთი კაცია, ერთი ბიზნესმენია და ერთი მდიდარი საჯარო ფიგურაა, ანუ ერთს პლუს ერთის ამბავია? არა, ჩემო კარგო, მათემატიკა ყოველთვის არ არის ზუსტი მეცნიერება და როგორც ვიღაც თვითკმაყოფილი ვიგინდარასა და სერვანტესის შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ერთს ერთი მივუმატოთ, ასე არ შეიძლება ხაზარაძისა და ბიძინას შემთხვევაშიც.

 

ბიძინა საქართველოს დაქცევისა და ქართველი ხალხის გაღატაკების ხარჯზე არ გამდიდრებულა.
ბიძინას 90-იან წლებში ,,სახალხო საინვესტიცო კორპორაციის" მეანაბრეები არ გაუძარცვავს და პენსიონერების მიერ შავი დღისათვის გადანახული, როგორც იტყვიან, საკუბოვე ფული საკუთარ ჯიბეში არ ჩაუდვია.
ბიძინას ბიზნესი შევარდნაძისა და მისი ოჯახის მფარველობით არ აუწყვია.
ბიძინას საქართველოს ეროვნული სიმდიდრე - ,,ბორჯომი" კაპიკებად არ ჩაუგდია ხელში. პირიქით, მის პრივატიზაციაში რამდენიმე ათეულ მილიონს იხდიდა, მაგრამ ,,ბორჯომი", გაცილებით უფრო იაფად, ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა, რადგან ასე სურდა შევარდნაძესა და მის ოჯახს.
ბიძინას არც ლისის ტბა ჩაუგდია ხელში მაქინატორობითა და საკუთარი ბიზნესპარტნიორების სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ბორბლებში ჩაგდების გზით.
ბიძინას ბანკს ათასობით ოჯახი უსახლ-კაროდ არ დაუტოვებია.
ბიძინა თავის ბანკს სააკაშვილსა და ადეიშვილს ბიზნესმენებისათვის წილების ასახევად არ აყენებინებდა.
ბიძინას ბანკს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სანგარში მჯდარი ქართველი მეომრებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინენები არ დაუგზავნია - სესხზე პროცენტის შემოტანა არ დააგვიანოთ, თორემ, ქონებას გაგიყიდითო.
ბიძინას სოფლისათვის საძოვრები არ წაურთმევია და გლეხობა შიმშილისათვის არ გაუწირავს.
ბიძინა თავისი ფულით ნამდვილ ხელოვანებს, ქართული კინოს, მუსიკისა თუ მწერლობის ჭეშმარიტ მსახურებს აფინანსებდა და არა ქართული ეკლესიის, პატრიარქისა და სიწმინდეების წინააღმდეგ მებრძოლ უფშვიტინეებს, რომლებიც ტუალეტში დაწერილი ლექსებითა თუ რომანებით გვეჯღანებიან და რომელთა შესახებაც ტარიელ ჭანტურიამ ბრძანა: ,,მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ, ლექსი - ეს არის ტანჯვა, ეგრე სად არის, ძმაო, თან ლექსი წერო, თან - ჯვა?!"

 

კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო? შორს წავალთ! და ახლა ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ხაზარაძეც ერთი კაცია, ერთი ბიზნესმენია, ერთი მდიდარი საჯარო ფიგურაა და ბიძინაც ერთი კაცია, ერთი ბიზნესმენია და ერთი მდიდარი საჯარო ფიგურაა, ანუ ერთს პლუს ერთის ამბავია. არა, ჩემო კარგო, ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს, მათემატიკა ყოველთვის არ არის ზუსტი მეცნიერება და ერთს მივუმატოთ ერთი ყოველთვის არ არის ორი. არ შეიძლება, სერვანტესს მივუმატოთ ვიღაც ვიგინადარა და მივიღოთ ორი კაცი. ბიძინასა და ხაზარაძის ამბავიც ასეა. უფრო სწორად, ბიძინასა და ხაზარაძის ამბავი საერთოდ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ხაზრაძისა და სერვანტესის ამბავი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge