Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:03 10.05.2018
„ვინ დგას დავით ქევხიშვილის უკან? ყველამ კარგად რომ ვიცით და არავინ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ ამაზე“

ცნობილი ძიუდოისტის, მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაძე სოციალურ ქსელში ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებას ეხება და პარლამენტარ მიხეილ ყაველაშილს მიმართავს:  

 

1) „1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მწვრთნელების დაუდევრობის შედეგად აწონვაზე დაგვიანების გამო აშკარა ოქროს ფავორიტი ხახალეიშვილი მოხსნეს შეჯიბრებიდან. ჩვენი გენიალური ნონა გაფრინდაშვილი მაშინ გადადგა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობიდან. არავის სურდა ეს ამბავი. მე პირადად შევხვდი. ბევრიც ვეხვეწე არ დაეტოვებინა პოსტი, მაგრამ ამაოდ. მან თქვა: ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობაო და დატოვა პოსტი. სხვათაშორის, სპორტსმენებიც თხოვდნენ, მაგრამ იმ ოლიმპიადის შედეგმა მასზე ძლიერად იმოქმედა (ნიკო ლეკიშვილის კომენტარიდან).

2) 2013 წლის 14 აგვისტოს "იაპონიის ძიუდოს ფედერაციის (All Japan Judo Federation-AJJF)" პრეზიდენტმა - ჰარუკი უემურამ დატოვა თამამდებობა, მას შემდეგ, რაც მის გარშემო აგორდა სკანდალი ფინანსური მაქინაციების, თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და მოზიდული, სუბსიდირებული თანხების მაქინაციური სქემით ხარჯვასთან/მითვისებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, ჰაეკი უემურას სკამზე მიწებებულს უწოდებდნენ, რადგან ის არ აპირებდა თანამდებობის დატოვებასა და პასუხისმგებლობის გათავისებას, სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების - იაპონიის მთავრობის ჩარევის შემდგომ, რაც გამოწვეული იყო სიტუაციის რეალურად მოგვარების საჭიროებით, იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სრულად აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე: სპორტსმენ ქალთა მიმართ არასათანადო მოპყრობითა და შევიწროებით დაწყებული, ფინანსური დანაშაულებით დამთავრებული. 


მაშინ, ვიზერი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტიც ჩაერია ამ სკანდალური ვითარების გამორკვევის საკითხებში და იაპონიის ძიუდოს ფედერაციისგან მკაცრად მოითხოვა შესაბამისი ანგარიშის წარდგენა. უემურა გადადგა, პასუხისმგებლობის სრული გათავისებით. მიუხედავად იმისა, თვლიდა თუ არა ის თავს დამნაშავედ, - სკანდალი არავის ეპატია! ჩვენდა სასირცხვილოდ, სპორტის შესახებ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, "სპორტის ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას..." და თანამშრომლობს სპორტის სამინისტროსთან, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ამ სკანდალში სპორტსმენთა ინტერესების დასაცავად არსად ჩანს! სპორტის მინისტრი კი ნამდვილად ცდილობს სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ დავით ქევხიშვილის კომენტარიდან ჩანს, რომ მინისტრის აზრიც ისეთივე უინტერესოაა მისთვის, როგორიც სპორტსმენების. სამაგიეროდ, ტელევიზიით, ხშირად გამოდის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი და ვერ ხვდება, რატომ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან! 


მე გეტყვით ბატონო მიხეილ:


თუნდაც იმიტომ, რომ 


1. სპორტის ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და შესაბამისად, ფედერაცია ვალდებულია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციიდან გამომდინარე, იზრუნოს სპორტსმენზე! 
2. თუნდაც იმიტომ, ბატონო მიხეილ, რომ ზემოხსენებული კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სპორტისთვის გამიზნული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო შენატანების გამოყენება არამიზნობრივად. ისინი მხოლოდ და მხოლოდ სპორტს, სპორტის განვითარებასა და სპორტსმენს უნდა ხმარდებოდეს! 
3. თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით, სად დაიკარგა თითოეული სპორტსმენის მიერ ოლიმპიური ლიცენზიებით მოპოვებული 85.000 ლარი, საიდანაც სპორტსმენებმა მხოლოდ 13.000 ლარი მიიღეს. რა მიზნობრიობით დაიხარჯა ჩარიცხული თანხა?
4. იმიტომ, რომ არ ვიცით, სად მიდის მწვრთნელების სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული ხელფასების 10%, რომელიც ატკატის სახით ბრუნდება ფედერაციაში?
5. სად მიდის მწვრთნელების საპრემიო ფონდი, რომელიც პირდაპირ მწვრთნელს ეკუთვნის?
6. ვისი თანხებით დადიან შეჯიბრზე გულშემატკივრები?
7. რატომ არ გაყვა მასაჟისტი ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე?
8. რატომ არ ჰყავს ქალთა ნაკრებს პირადი ექიმი?
9. კონკრეტულად, რა ძალა მართავს ამ ბიჭებს და რა ინტერესი ამოძრავებს ამ მართულ ძალას?
10. რატომ არ იყო ყრილიბა საჯარო და რატომ არ დაასწრეს ჟურნალისტები, თუმდაც მეტი გამჭვირვალობისთვის?
11. ვინ არიან აღმასკომის წევრები? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენი ნაკრების ბედს წყვეტს?
12. რამდენი კლუბია დარეგისტრირებული "შევარდენი 2005-ში" დარეგისტრირებული, ვისაც აქვთ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის უფლება?
13. რომელმა სპორტსმენმა ამოწურა თავისი შესაძლებლობა, რომ კვლავ ასახელონ თავიანთი ქვეყანა.
14. ვინ დგას დავით ქევხიშვილის უკან? (ყველამ კარგად რომ ვიცით და არავინ ხმამაღლა რომ არ ვსაუბრობთ ამაზე).
15. რატომ მიაქვთ სპორტსმენებს საკლუბო ჩემპიონატზე მოპოვებული თანხები უკან, ფედერაციაში?
16. რატომ ითხოვდა ფედერაცია სპორტსმენებისთვის განკუთვნილი პრემიებიდან 10%-ს? რა მიზნით აპირებდა ამ თანხების გამოყენებას?
17. რატომ დააგვიანეს ლუხუმ ჩხვიმიანის განაცხადის გაგზავნა მასტერსზე? რატომ არ გაიგზავნა განაცხადი ამ სპორტსმენისთვის უაღრესად მნიშვნელოვან შეჯიბრზე? ვინ იყო პასუხისმგებელი ამ შეცდომაზე? 
18. სად წავიდა ზედაზენის მიერ შეჯიბრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ და რატომ მიიღეს მათ ცარიელი კონვერტები? 
19. რატომ ათავისუფლებს დავით ქევხიშვილი მწვრთნელებს აღმასკომის თუ ყრილობის გარეშე და რატომ იგებენ ამას მწვრთნელები სახლში, ტელევიზიიდან?
20. რა ნიშნით/შერჩევით ხდება კიმანოების განაწილება სპორტსმენთა შორის? რატომ არ მისცეს ახალგაზრდულ ნაკრებს 2015-2015 წლებში კუთვნილი, Adidas-ისა და Fighting Films-ის მიერ ნაჩუქარი კიმანოები?
21. რატომ აცხადებს უარს ღია შეხვედრებზე ფედერაციის პრეზიდენტი და რატომ არიდებს თავს მედიას? 
22. რატომ არ მიაჩნია დავით ქევხიშვილს სპორტსმენთა პრობლემები პრობლემებად და როდის უნდა დავაფასოთ ასე ჩვენი სამარცხვინოდ გაწირული სპორტსმენები? 
ბატონო მიხეილ, თუნდაც ეს "მცირე", 22 პუნქტი და ნაწილი ამ პრობლემებისა უნდა იყოს საკმარისი თქვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად არ წაახალისოთ ისედაც განუკითხაობით მმართველი ფედერაციის პრეზიდენტი და ნუ გააკეთებთ დაუფიქრებელ, ნაკრებისთვის საზიანო განცხადებებს.
დიახაც, რომ უნდა წავიდეს! რადგან მას უფლება არ აქვს, მოიქცეს სხვანაირად!

ბატონო დავით, თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ ფედერაციის პრეზიდენტი!
თქვენ არ გაქვთ უფლება წარმოადგენდეთ ძიუდოში საქართველოს სახესს საერთაშორისო ასპარეზზე!
თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ იმ ბიჭების პრეზიდენტი, რომლებსაც, თქვენგან განსხვავებით, ღირსეულად უცხოვრიათ ამ ქვეყანაში!
თქვენ არ გაქვთ უფლება, ლაპარაკობდეთ კანონზე და თქვენს უფლებებზე, რომ უფლება გაქვთ გეკაოთ ეს თანამდებობა, როგორც არჩეულს, რადგან თქვენ თავად არღვევთ კანონს! 
ბატონო დავით, თქვენ, უბრალოდ, არ გაქვთ უფლება აგვიგდოთ მასხრად, დაგვცინოთ და მოირგოთ ძიუდო თქვენ თავზე, ხოლო ტანი-სკამზე!
მაგრამ, ბატონო დავით, თქვენ უფლება გაქვთ, უპირობო უფლება - წახვიდეთ! და ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ.

მე არ ვწერ, როგორც ავთანდილ ჭრიკიშვილს მეუღლე! მე ვწერ, როგორც რიგითი გულშემატკივარი, რომელსაც ეს განუკითხაობა და ნაკრების ტკივილი მტკივა! 
წადით, ბატონო დავით! წადით! 
ხვალ ისევ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge