Powered by Jasper Roberts - Blog

20:55 18.05.2017
რატომ დაურეკა მამამ საპატრულო სამსახურს და რა მოხდა გორის ავტობანზე - რას ყვება ოჯახის მეზობელი გახმაურებულ ავტოშემთხვევაზე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა გახშირებულ ავტოავარიებს - ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ირაკლი ხახუბიას 21 წლის ვაჟი, ბექა ხახუბია გორის ავტობანზე, სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახებისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია ფოთის მიმართულებით მარტო გავიდა სახლიდან, რა დროსაც კუთვნილ ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა. ირაკლი ხახუბია ოჯახით ვაკეში ცხოვრობს. მათი ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხახუბიები კეთილშობილი ხალხია, რომელთა ენითაუწერელი მწუხარებას გარშემო ყველა განიცდის.

- ხახუბიების ოჯახს დიდ პატივს ვცემთ, ზემოდან არავის უყურებენ, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ბექაც კარგი ბიჭი იყო, თავაზიანი… თუ დაგვინახავდა, აუცილებლად მოგვესალმებოდა და მოგვიკითხავდა ხოლმე. თუმცა, ასე სასაუბროდ იშვიათად ვხედავდით, მანქანა, როგორც ყველა ახალგაზრდას, მაგასაც უყვარდა და სულ სხვადასხვა, ძვირადღირებულ მანქანებს მართავდა. როგორც ამბობენ, ბექა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ იყო და გვიანობამდე სვამდა. ჯერაც გამოუფხიზლებელს  დილით აუჩემებია, - გინდა თუ არა, ფოთში უნდა წავიდეო. ნასვამ შვილს საავარიოდ და სასიკვდილოდ, აბა, რომელი მამა და ოჯახი გაუშვებს და ირაკლიც შეწინააღმდეგებია, - ვერსადაც ვერ წახვალო! მოკლედ, მაინც ბექამ აჯობა, სახლიდან წავიდა... ამის დამნახავმა მამამისმა თურმე საპატრულო სამსახურს დაურეკა და ბექას მანქანის მონაცემები გადასცა, რომ გაეჩერებინათ. პოლიციამაც ზომები მიიღო, როგორც ჩანს. სავარაუდოდ, მათ ნიშანზე ბექა არ გაჩერდა და იძულებულები გახდნენ გზა გორის ავტობანზე ტრაილერით გადაეკეტათ. ალბათ იფიქრეს, ბიჭი ტრაილერს დაინახავს და გაჩერდებაო, მაგრამ... ბიჭი ადგილზე დაიღუპა.

ვტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუ არა ნამდვილად საპატრულო სამსახურის დევნისას, ამის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა გვითხრეს, რომ საქმე ძიებისთვის გადაეცა მთავარ პროკურატურას და ინფორმაციაც იქ უნდა მოგვეკითხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ნათია სუხიაშვილს: 

-  ამ ეტაპზე მხლოდ შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ მართლაც პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. სულ ახლახან დაიწყო პროკურორმა მომხდარზე მუშაობა. შემიძლია გითხრათ მუხლიც, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, მოძრაობის წესების დარღვევითა და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით დანარჩენს ვერაფერს ვიტყვით. დასადგენია რა მოხდა. 

 

კვირის პალიტრა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge